ათასზე მეტი ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეში და საფრთხის ქვეშ მდგარი 2020 წლის არჩევნები | 19.10.2020

ათასზე მეტი ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეში და საფრთხის ქვეშ მდგარი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები – კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის  ფონზე პოლიტიკური ძალები  უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო,  არჩევნების ლეგიტიმურობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ოპოზიციური პარტიების აზრით, გარდა დაბალი აქტივობისა, არჩევნების დღე შესაძლოა ვირუსის გავრცელების ახალი კერაც გახდეს, ამიტომაც აუცილებელია მოინახოს გზა, რომელიც ორივე პრობემას მოაგვარებს. გამოსავალს პოლიტიკური მოძრაობა “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არჩევნების ორ დღეზე გადანაწილებაში ხედავს. ამბობს, რომ  ამომრჩეველთა ნაკადის შესამცირებლად  ეს ოპტიმალუირი გამოსავალი იქნება.

რა ფორმით უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბრის არჩევნები და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს  – ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებას ამ კითხვაზე პაუსუხი არ აქვს,  რის გამოც საჭიროა მმართველი ძალა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. არჩევნების გამართულად ჩასატარებლად, პარტია “ლელო”, ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის,  რომელშიც ხელისუფლების გარდა ოპოზიციის წევრებიც იქნებიან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კორონაპანდემიას და არჩევნებს უკავშირდება და რომელზეც  ოპოზიცია წუხს,  კარანტინში და თვითიზოლაში მყოფი პირები არიან. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, თითოეული ასეთი ადამიანი ხმას გადასატანი ყუთებით მისცემს, ამ ხმებს კი სპეციალურად შექმნილი კომისიები დაითვლიან. ოპოზიცია ამ შემთხვევაში ხმების გაყალბებას არ გამორიცხავს.

ქვეყანაში მომატებული საფრთხის ფონზე არჩევნების ჩატარება, რომ დიდი გამოწვევაა აღიარებს მთავრობის მეთაურიც, თუმცა გიორგი გახარია ამბობს, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს, ოპონენტების მოწოდებები  და ბრალდებები კი საფუძველს მოკლებულია.

2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებამდე 2 კვირაზე ნაკლები რჩება, ინფიცირებულთა რიცხვი კი ყოველ დღიურად ახალ რეკორდებს ამყარებს. იქნება თუ არა უსაფრთხო არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა – კითხვაზე პასუხი გაცემა რთულია.