ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მძიმდება. კორონავირუსით საქართველოში კიდევ 11 ადამიანი დაიღუპა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. COVID-19-ს 5 პაციენტი ემსხვერპლა თბილისში, 3 აჭარაში, ორი იმერეთში, ერთი კი გორში. 63 წლის მამაკაცი და 55 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. 83 წლის ქალი კი თერჯოლაში კლინიკაში შეყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა. COVID-19-ით ქვეყანაში სულ 124 პაციენტია დაღუპული.
ისევ რეკორდულად იმატებს ინფიცრებულთა რიცხვიც. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 887 პაციენტს დაუდგინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 15 327-მდე გაიზარდა. ცხელ წერტილებად ისევ დედაქალაქი, აჭარა და იმერეთი რჩება. თბილისში ბოლო 24 სააTში კოვიდინფექცია 277 ადამინს დაუდგინეს. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათში ინფექცია 246-მა პაციენტმა დაამარცხა და საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს. კოვიდინფიცირებულია საქართველოს მორაგბეთა ჩემპიონატის “დიდი 10”-ის 2 მორაგბე. ისინი სხვადასხვა გუნდებში თამაშობენ. მათი თანაგუნდელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ფონზე ექიმები მოსახლეობას გრიპის აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
გასულ დღე-ღამეში ისევ რეკორდულად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ ზღვისპირა რეგიონში, სადაც კორონავირუსით კიდევ 342 ადამიანი დაინფიცირდა. განმარტება გაკეთდა კოვიდ სასტუმროში გარდაცვლილ 41 წლის მედდაზეც. განაცხადეს, რომ მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდგინდა და მისი კლინიკური მდგომარეობის შეფასებით, კოვიდ სასტუმროში გადაიყვანეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ პაციენტზე მუდმივი მეთვალყურეობა ხორციელდებოდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, პირველადი ვერსიით კი ის თრომბოებოლიით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას არანაირი თანხმლები დაავადება არ ჰქონდა.
კორონავირუსის 198 შემთხვევა გამოვლინდა იმერეთში. ხოლო სამგრელო-ზემო სვანეტში 40. კორონავირუსით მანდატურის ინფიცირების გამო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა შიდა ქართლში. COVID-19-ის ახალი შემთხვევბი ასევე დაფიქსირდა გურიაში, ქვემო ქართლში , მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამცხე ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. კორონავირუსი დაუდასტურდა ლანჩხუთის გურიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს. COVID-19-ით დაინფიცირდა ტელეკომპანია “რიონის” რამდენიმე თანამშრომელიც.
ეპიდსიტუაცია დამძიმდა ოკუპირებულ რეგიონებში. ოკუპირებულ აფხაზეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა და 100 ადამიანი დაინფიცრდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 129 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 579 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 167 პაციენტი განიკურნა, 27 კი გარდაიცვალა. 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ ცხინვალშიც, სადაც პანდემიის დაწყების დღიდან, COVID-19-ით სულ 227 ადამიანი დაინფიცირდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობა კი უკვე მილიონ 100 000-ზე მეტია. მძიმე ეპიდსიტუაციაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. სომხეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 056-ს მიაღწია. პანდემიის დაწყების შემდეგ გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლი დაფიქსრდა რუსეთში, სადაც კიდევ 232 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 23 723-ს მიაღწია. აზერბაიჯანში კი კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვები წესდება. კერძოდ, 19 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე მუშაობას წყვეტს ბაქოს მეტრო, ამავე პერიოდში ქვეყნის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არდადეგები ცხადდება. 65 წელს გადაცილებულ და მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ სხვა პირებს რეკომანდაცია აქვთ, რომ სახლი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვონ. ვირუსის გარცელების მაჩვენებლით კი პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, მეორეზე ინდოეთი , ხოლო მესამეზე – ბრაზილია.