იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. ის ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო და საბჭოს 13 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა. ქადაგიძის კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მისცა, რომელიც ქადაგიძეს კლანის წევრს უწოდებს და ამბობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება კანონმდებლობასთან შეუსაბამოც არის, ვინაიდან ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობასაც იკავებს. ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკას არ ეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული თავმჯდომარე. ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ ყველა სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ საბჭომ ნინო ქადაგიძის არჩევით ქვეყანა წარსულში დააბრუნდა, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ავტომატურად ხდებოდნენ საბჭოს თავმჯდომარეებიც. ჯანეზაშვილს პრეტენზიები აქვს ნინო ქადაგიძის პერსონის მიმართაც, ვინაიდან როგორც ამბობს, ქადაგიძეს კარიერულ წინსვლაში ჩინჩალაძე მურუსიძის კლანი ეხმარება. ჯანეზაშვილი დარწმუნებულია, რომ ქადაგიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ეფექტურად ვერ განხორციელებს, რადგან მისი თქმით ახლად არჩეული თავმჯდომარე საბჭოს სხდომებს მოუცლელობის მიზეზით ხშირად აცდენდა და არც რაიმე ინიციატივა დაუყენებია.
ნაზი ჯანეზაშვილის ბრალდებებს არ იზიარებს იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელიც აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარედ არჩევას არ კრძალავს. გიორგი მიქაუტაძის თქმით წარმატებული რეფორმის შედეგია ის რომ პირველად ისტორიაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევის უფლება აქვს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური 2018 წლიდან იყო. ამ ხნის განმავლობაში თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ახორციელებდა. დღეიდან კი 4 წლის ვადით საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე გაუძღვება.