არ შეიძლება ასე გაწირვა, ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა – მეუფე ვახტანგი დავით გარეჯის საქმეზე | 14.10.2020

ცურტაველი მიტროპოლიტის სკანდალური განცხადება. მეუფე ვახტანგის აზრით,  დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა უდანაშაულოები არიან.  სინოდის წევრს სჯერა, რომ დაკავებული კარტოგრაფები სიმართლეს ემსახურებოდნენ. სასულიერო პირი არ გამორიცხავს, რომ  ამ საქმის უკან პოლიტიკური ინტერესი იდგეს. მისივე შეფასებით, ყველაფერი არჩევნების შემდეგ გაირკვევა. მეუფე ვახტანგი დღეს არც ხელისუფლების კრიტიკას მორიდებია.

აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მხარდაჭერას უცხადებს  და ბოდიშს უხდის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსიც. მეუფე მელქისედეკისთვის გაუგებარია, რაში ადანაშაულებენ კომისიის ყოფილ წევრებს.

დღეს ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტიც. მეუფე ნიკოლოზი გამოძიებას ნდობას უცხადებს,თუმცა ამბობს, რომ  დაუსაბუთებელი ბრალდებით, ადამიანის სამშობლოს ღალატში დადანაშაულება არასწორი საქციელია.

დავით გარეჯის ხმაურიან საქმეზე სინოდში აზრთა სხვადასხვაობაა. სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, საკითხზე სინოდის სხდომაზე იმსჯელონ.

რა ფორმით ან როდის იმსჯელებენ სასულიერო პირები დავით გარეჯის სადავო ტერიტორიის ბედის გადასაწყვეტად ამ დორმდე უცნობია. შესაძლოა პატრიარქმა საეკლესიო კრება  უახლოეს პერიოდში მოიწვიოს.