აქცია გენერალურ პროკურატურასთან – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ჯაბა კრედიტის” მიერ დაზარალებულები ხელისუფლებას უმოქმედობასა და ფულის წართმევაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ამ საქმეზე ბრალდებულებისთვის სასჯელის გამკაცრებას და წართმეული 17 მილიონი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვენ. საუბარია 500-მდე ადამიანზე, რომელთათვისაც კომპანია კუთვნილი თანხების დაბრუნებას ვერ ახერხებს. პროკურატურასთან გამართულ აქციას შეუერთდა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილიც, რომელმაც დაზარალებულებს მხარდამჭერა გამოუცხადა და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაკარგული თანხის ანაზღაურებას დაპირდა.