ძალადობა და დაშინება ოპოზიციის აქტივისტებზე – “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრი მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ლევან ქართველიშვილი ყვება,რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივით, ბახტრიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. აგრესიის მიზეზი კი, ხუთნომრიანი მაისური გახდა, რომელიც მას ეცვა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციაზე გახშირებული ძალადობის ფაქტები ხელისუფლების წახალისებულია, ამიტომ გამოძიების ობიექტურობის იმედი “ნაციონალურ მოძრაობაში” არ აქვთ.
“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურებიან “ქართულ ოცნებაში”. პარტიაში თვლიან, რომ ოპოზიციის წევრების მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ამგვარ ფაქტზე პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს და ყველა საჭირო ღონეს მიმართავს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, სააკაშვილის პარტიის წევრები და აქტივისტები პროვოკაციებს თავად აწყობენ და მოქალქეების ძალადობრივ ქმედებებში ჩათრევას ცდილობენ.