საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებაში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ყოფილი ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად და არაეროვნულად მოქმედებდნენ – ამ ჩვენების ავტორი დავით გარეჯელი არქიმანდრიტი მამა კირიონია. გახმაურებული საქმის ჩვენებას გაზეთი “კვირის პალიტრა” ასაჯაროვებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ ბრალდებულები აზერბაიჯანის სახელმწიფოს ლოიალობის სანაცვლოდ მონასტრებსა და ძირძველ მიწებს თმობდნენ.
“იმჟამინდელმა ხელისუფლებამ თითქოს ნიღაბი მოიხსნა და ჩვენ მიმართ აგრესიული პოზიცია დაიკავა. ისინი აზერბაიჯანის ინტერესებს უფრო იცავდნენ, ვიდრე საქართველოსი და გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ტერიტორიები საბჭოთა კავშირის დროიდან იყო აზერბაიჯანის ტერიტორიალურ სივრცეში და მასზე ჩვენი იურიდიული უფლებები არ ვრცელდებოდა. ამ პოლიტიკის ფუნდამენტალური გამტარებელი, პირველ რიგში, იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი – სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ივერი მელაშვილი. ის ყველა ხრიკს და ყველა ღონეს ხმარობდა ჩვენს და კერძოდ, ჩემს დასაბნევად. პირადი შეხვედრებისას მანახებდა სხვადასხვა წლის რუკებს, რომელიც მოგვიანებით გავიგე, რომ არავითარ შემხებლობაში არ იყო გარეჯის საკითხის იურიდიულ ჩარჩოსთან და ამ მანიპულაციებით ცდილობდა საზოგადოების, ეკლესიის, მონასტრისა და ჩემს დაბნევას.” – “კვირის პალიტრა” მამა კირიონის ჩვენებას ასაჯაროებს.
საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში სასულიერო პირი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეც გამოხატავდა.
“მელაშვილის გარდა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. მან, როგორც მახსოვს, 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას. ეს ყოველივე, ჩემის აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოებრივ დანაშაულს, ვინაიდან: 1) ნინო კალანდაძის ამ ოფიციალური პრესკონფერენციიდან 2 საათში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის სპიკერმა განაცხადა: “როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნინო კალანდაძემ განაცხადა, ეს მონასტრები საბჭოთა კავშირის დროიდან წარმოადგენს აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას…” ანუ აზერბაიჯანის მხარე დაეყრდნო ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას და უკვე ის ლამის იურიდიულ რანგში გვიღიარა. 2) ჯერ დაუდგენელი სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე, რომელსაც დავითგარეჯა წარმოადგენდა და რომელზეც მუშაობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები, მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აპრიორში ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს მიაკუთვნებდა.” – “კვირის პალიტრა” მამა კირიონის ჩვენებას ასაჯაროებს.
ჩვენებით და არაერთი საჯარო განცხადებით, ირკვევა, რომ საეჭვო რუკის არსებობაზე მამა კირიონმა ყოფილ პრემიერს და თავდაცვის მოქმედ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ჯერ კიდევ 2014 წელს უამბო და საკითხის მოსაგვარებლად დახმარება სთხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, სასულიერო პირმა ირაკლი ღარიბაშვილთან რუკა ნამდვილად მიიტანა, თუმცა ის ავთენტური არ იყო და მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. მდინარაძე საეჭვო გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2007 წლის აპრილის თვეში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის – სახელმწიფო ღალატის, ამოღება და დავით გარეჯთან დაკავშირებით საზღვრის დამდგენ კომისიაში მიღებული გადაწყვეტილება არადამაჯერებელი დამთხვევაა.
გარეჯის ბუნდოვან საქმეზე სხვადასხვა პოზიციები აქვთ საულიერო პირებს. ამბობენ, რომ დავითგარეჯის და დაკავებული კარტოგრაფების საქმეზე საპატრიარქოს პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სინოდი ამ საკითხზე იმსჯელებს.
საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ პირებს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შემსწავლელი კომიიის ყოფილ წევრები, საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს იყენებდნენ, რომლებზეც დატანილი საზღვრის ხაზები, არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. საუბარია 3 500 ჰექტარ ფართობზე. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ბრალდებულები მიზანმიმართულად იყენებდნენ სხვა რუკებს, რომლებიც საქართველოს ისტორიულ საზღვრებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.