კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. მათ შორის ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ პირბადის მკაცრი გამოყენების პირობებში დამატებითი შეზღუდვების დაწესება საჭირო არ გახდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელიც აცხადებს, რომ მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარებაა. ამირან გამყრელიძე მოუწოდებს პოლიტიკსოებსაც, საარჩევნო კამპანია ღია სივრცეში აწარმოონ და პირბადე ატარონ.
თბილისში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დამატებითი საწოლების მობილიზება იგეგმება. ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში საწოლების და სასუნთქი აპარატების რაოდენობა საკმარისია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით კორონავირუსის ვაქცინაცია მსოფლიოში წლის ბოლომდე დაიწყება. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება საქართველო 700 000-მდე დოზას მიიღებს.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ექიმებს ტესტირება ყოველ 72 საათში ჩაუტარდებათ. მალე დაიწყება სკოლის მასწავლებლების და ბაღის აღმზრდელების შერჩევითი ტესტირებაც.