6 დაღუპული და 527 ინფიცირებული – კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში გარდაცვალების ყველაზე მეტი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. კოვიდინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა 72-მდე გაიზარდა. ლეტალურად დასრულდა კორონავირუსის 2 შემთხვევა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. 55 წლის და 61 წლის ქალბატონები სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმედღიანი მკურნალობის შედეგად გარდაიცვალნენ. COVID-19-ით 68 წლის პაციენტი გარდაიცვალა ბათუმში. 81 წლის ქალი კი, ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში დაიღუპა, სადაც 20 სექტემბრის შემდეგ მკურნალობდა. კორონავირუსს 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა გორშიც.
ბოლო მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10 752-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან 190 დაფიქსირდა აჭარაში. ხოლო ვირუსი 290-მა პაციენტმა დაამარცხა, მათ შორის 28 – მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარია. მომდევნო კვირიდან ზღვისპირა რეგიონში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება. აჭარის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც მისი თქმით, არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.
ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება დედაქალაქში. ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 179 ადამიანს დაუდგინეს. ქვეყანაში 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტია. ინფექციონისტები მოქალაქეებს რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვისკენ ისევ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე მეტი საფრთხე სწორედ თბილისშია. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 313 პაციენტი განიკურნა და მათი საერთო რაოდენობა 5866-ს შეადგენს.
დღეიდან გადაადგილება იზღუდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში. სოფლის შესასვლელში დილიდან კარვებია მოწყობილი და მოსახლეობას თერმოსკრინინგი უტარდება. ეპიდემიოლოგებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ ოჯახში 65 წლის მამაკაცსა და 60 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდათ და გაირკვა, რომ სოფელში ბევრთან ჰქონდათ კონტაქტი. მათი ინფიცირების წყარო უცნობია. დისტანციურ სწავლებაზე გადავა სოფლის საჯარო სკოლაც. სასწავლო პროცესი ჩაიშალა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის სკოლაში. სამ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა, დანარჩენი მოსწავლეების მშობლებმა კი ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს.
გასულ დღე-ღამეში 91-ით გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა იმერეთში. COVID-19-ის შემთხვევები დაფიქსირდა ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და სამცხე-ჯავახეთში. ეპიდსიტუაცია მძიმდება ოკუპირებულ რეგიონებში. ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ბოლო 24 საათში სამი პაციენტი გარდაიცვალა და 95 ადამიანი დაინფიცირდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 112 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 071 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 19 გარდაიცვალა. კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა ოკუპირებულ ცხინვალშიც. მაისიდან, ადგილობრივ დე ფაქტო მთავრობას 131 შემთხვევა აქვს აღრიცხული.