წინასაარჩევნოდ გააქტიურებული ბიძინა ივანიშვილი და პოლიტიკური გზავნილები არჩევნებამდე 22 დღით ადრე – 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოლიგაქრი მორიგ ვრცელ განცახდებას ავრცელებს და ოპოზიციას კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ივანიშვილი ამბობს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მარნეულსა და ბოლნისში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოპოზიციის ძალადობრივი სახე, თუმცა მისივე თქმით, ამ პროვოკაციებზე მათი პასუხი მხოლოდ თავშეკავებული პოზიცია იქნება.
“ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ – პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია,” – წერს ივანიშვილი.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გუშინ გავრცელებულ ხმაურიან განცხადებაში ოპოზიციაზე თავდასხმა არ ყოფილა ერთადერთი ფრაგმენტი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ივანიშვილი წერილში “ქართული ოცნების” გამარჯვების შანსებზეც საუბრობს და წერს, რომ ოცნების საბოლოო შედეგი შესაძლოა, 63%-იც კი იყოს. ყოფილი პრემიერის მიერ ნათქვამ ამ სიტყვებს იუმორით შეხვდნენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ივანიშვილი ილუზიებში ცხოვრობს, თუმცა მიანიშნებენ იმაზეც, რომ ეს შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც წინასაარჩევნო დაკვეთა.
რას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება – არასაპარლამენტო ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ოპოზიციის ძალადობაში დადანაშაულება პასუხისმგებლობის არიდების მორიგი მცდელობაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილი არჩევნებში დამარცხებას უკვე შეეგუა, ამიტომ ამგვარი გზავნილებით მხარდამჭერების გამხნევებას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ გზავნილებს სრულად იზიარებენ მმართელი პარტიის სხვა წევრები. ფიქრობენ, რომ მარნეულში განვითარებული მოვლენებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” რეალური სახე გამოაჩინა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუჭავას თქმით, “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რისი თქმის საფუძველსაც მას ამომრჩევლის განწყობა აძლევს.
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ურთიერთბრალდებები და პოლიტიკური დაპირისპირებები სულ უფრო მატულობს. ივანიშვილის გუშინდელი განცახდების ფონზე კი ოპოზიცია კვლავ მარნეულის ინციდენტის სამართლიან გამოძიებასა და მოძალადე პირების დასჯას ითხოვს.