დავით გარეჯის საკითხზე არსებული კომისიის მუშაობაში საქართველოს საპატრიარქო ჩართული არ იყო. ამ განცხადებას ბოდბელი ეპისკოპოსი აკეთებს. მეუფე იაკობის თქმით, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის დაკავების საქმის დეტალები არ იცის, თუმცა დარწმუნებულია, რომ პრობლემა საქართველო-აზერბაიჯანს შორის დადებითად და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ მოგვარდება. სასულიერო პირი არ ფიქრობს, რომ ილიჩოვა და მელაშვილი დავით გარეჯის საქმეზე არქიმანდრიტ კირიონის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. სინოდის გავლენიან მღვდელმთავარს არ აქვს პასუხი, რატომ დააკავეს წინასაარჩევნოდ კომისიის წევრები.
დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელიც. მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ეკლესიის ინტერესი მხოლოდ ისაა, რომ სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს. ჯაღმაიძე ამტკიცებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ამ საკითხზე 15 წელია საუბრობს და არჩევნები, თემის გააქტიურებასთან კავშირში არ არის.