გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების – არჩილ გაგნიძის, ვახტანგ ჩიქოვანისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის საქმეს არსებითად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება თავად ბრალდებულებმა მიიღეს. ამბობენ, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და არც სასამართლოს ენდობიან. საქმის პროკურორი კი დარწმუნებულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა, “ტოიოტა ქამრის” მძღოლმა ვასილ მახარაძემ.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს უკვე გადაეცა. დაკავებულთა ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გამამართლებელი იქნება. საქმეში ჩართული იურისტები გახმაურებული საქმის მოწმეებს უნდობლობას უცხადებენ.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. თუმცა მოგვიანებით, 5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.