“გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ბინძური სპექტაკლი და ქვეყნის ინტერესების ღალატია” | 09.10.2020

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრითვის წაყენებულ ბრალდებას ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ქვეყნის ინტერესების ღალატია. საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დადგმული და ხელისუფლების მიერ განხორციელებული ბინძური სპექტაკლი.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ დავით გარეჯის თემა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მტკიცებულებები რომლებიც პროკურატურას გააჩნია  დამაჯერებელი არ არის. ისინი იმედოვნებენ, რომ “ქართული ოცნება” კეთილგონიერებას გამოიჩენს და ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალს მოუხსნის.

პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას და დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაპატიმრებას  წინასაარჩევნო პროვოკაციად აფასებს არასაპარლაემნტო ოპოზიციაც. მათი თქმით “ქართულმა ოცნებამ” ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტიკური მიზნებისთვის გაწირა.

მმართელ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინეს და ამისთვის უნდა დაისაჯონ.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას წინასაარჩევნოდ მოწყობილ ერთგვარ მასკარადს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.  “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”-ს თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ წარდგენილი ბრალდება  დავით გარეჯის კომპლექსს არ ეხება და საუბარია საზღვრის სხვა ნაწილზე. დავით გარეჯზე კი აქცენტი გამიზნულად კეთდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც მომხდარს არჩევნებს უკავშირებს და ამბობს, რომ საქმეში აუცილებლად ჩაერთვებიან.

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი 2 ოქტომბერს დააკავეს. გუშინ კი საქალაქო სასამართლომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას წინასწარი ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა.