ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ მისცემენ ხმას არჩევნებზე საკარანტინო სივრცეებში მყოფები | 08.10.2020

გაურკვევლობა და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები არჩევნებამდე 23 დღით ადრე – ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის როგორ მისცემენ ხმას არჩევნებზე ის პირები, რომლებიც 31 ოქტომბერს, კორონავირუსის გამო,  საკარანტინო სივრცეებში და სხვადასხვა კლინიკებში იქნებიან.  ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეებში თითქმის 6 000 ადამიანია, კლინიკებში მკურნალობას კი 900-მდე პირი გადის.  ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება, რადგან ვირუსის სტატსიტიკა ქვეყანაში ყოველდრიურად მატულობს.

საქართველოს მთავრობასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თემაზე მსჯელობა რამდენიმეა დღეა აქტიურად გრძელდება, თუმცა ოპოზიცია ეჭვობს, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაუწყვეტელი დარჩება. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, კონკრეტული გეგმის არ ქონა იმის ნიშანია, რომ მმართველ გუნდს არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალი აქტივობა აწყობს, რადგან ეს “ქართული ოცნების” გამარჯვების შანსებს გაზრდის.

ოპოზიცია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი თქმით, კარანტინში მყოფი პირების  მსგავსად, არჩევნებში მონაწილეობის ბედი უცნობია, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ახლა თვითიზოლაციაში არიან ან უახლოეს პერიოდში გადავლენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობისთვის თითოეული ადამიანის ხმა მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ ეს ადამიანები ხმის უფლების გარეშე დარჩებიან, ეს არჩევნების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

ცეტრალური საარჩევნო კომისია,  კორონაპანდემიის პირობებში არჩევნებში ყველა მოქალაქის მონაწილეობისთვის, რამდენიმე ვერსიას განიხილავს.  შესაძლოა, საკარანტინე სივრცეებში სპეციალური უბნები მოეწყოს, თუმცა ცესკოში შიშობენ, რომ ე.წ გადასატანი ყუთები თვითიზოლაციაში მყოფ ყველა პირს არ  ეყოფა. ცესკოში განმარტავენ, რომ გარდა არჩევნების მაღალი ხარისხით ჩატარებისა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ჯანმრთელობაც, ვინც მთელი დღის განმავლობაში ამომრჩევლებს მოემსახურება.

ცესკოს მსგავსად, კონკრეტული პასუხი არც მთავრობას აქვს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, მხოლოდ იმას, რომ  ცენტრალურ  საარჩევნო კომისიასთან მოლაპარაკებები გრძელდება. მისივე თქმით, პროცესში ჩაერთვებიან ეპიდემიოლოგებიც და გადაწყვეტილების  მიღება რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.

საქართველოს კონსტიტუციით, ყველა მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს, თუმცა შეუშლის თუ არა ამ უფლების განხორციელებას ხელს  მთავრობის მიერ, კორონაპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, ეს თვის ბოლოს, გადამწყვეტ არჩევნებზე გამოჩნდება.