საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება. გიორგი გახარია აცხადებს, რომ მიმდინარე გამოძიება საქართველოს საშინაო საქმეა და საკითხი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს. პრემიერი ამბობს, რომ გამოძიების შედეგად გამოვლენილი გარემოებები აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე გაუზიარეს. მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას არ მოახდინონ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების პოლიტიზირება.
საგარეო საქმეთა მინისტრიც ირწმუნება, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. დავით ზალკალიანი ოპონენტებს მოუწოდებს შეწყვიტონ დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირების მცდელობა.
საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავება უკვე მეორე დღეა პოლიტიკური ბრალდებების საფუძველია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათი თქმით მმართველი გუნდი, რომელმაც ქვეყანაში არსებული კრიზისი ვერ დაძლია, წინა ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა, რათა დადგინდეს, ვის რა განზრახვა ჰქონდა და მართლა აქვს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ამ საქმესთან დაკავშირებით 80 მილიონი აღებული. კობახიძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ყველა სფეროში “ნაციონალური მოძრაობის” გაფუჭებულის გამოსწორება უწევს.
დავით გარეჯის თემაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და კომისიის ყოფილი წევრები ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავა. გამოძიება მათ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის დროს არასწორი რუკების გამოყენებასა და ქვეყნის საზიანოდ გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.