ტრაგიკულად დაღუპული ლუკა სირაძის ოჯახი მსჯავრდებული გამომძიებლის ადვოკატს გარდაცვლილის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. არასრულწლოვნის ძმა ამბობს, რომ გაგი მოსიაშვილმა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ლუკა სირაძე თვითმკვლელობის დროს ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ბექა სირაძის ინფორმაციით, საქმეზე სისხლის ორი ექსპერტიზა არსებობს. სისხლში მორფის კვალი კი მაშინ დაფიქსირდა, როცა მოზარდს კლინიკაში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც საქმის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო სისხლის სამართლის საქმე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის წინააღმდეგ აღიძრა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.