მიხეილ რამიშვილის საქმე – ადვოკატთა ასოციაცია საგამოძიებო უწყების წინააღმდეგ | 06.10.2020

ადვოკატთა ასოციაცია საგამოძიებო უწყების წინააღმდეგ. იურისტები სასამართლოს ბრძანებას, რომლითაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დაიკითხა და მისი ტელეფონის დათვალიერება განხორციელდა, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. იმ შემთხვევაში თუ   საჩივარი არ დაკმაყოფილდება, ადვოკატები მოწმის სახით გამოკითხვის ფაქტს, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.  გახმაურებული საქმის ადვოკატებს  მხარდაჭერას ასოციაციის თავჯდომარეც უცხადებს.  დავით ასათიანისთვის   მიუღებელია, ადვოკატის  პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა.

იურისტებმა სარჩელის მომზადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც  სააპელაციო სასამართლომ მიხეილ რამიშვილის  დაკითხვასთან და ტელეფონის დათვალიერებასთან დაკავშირებით,  სასამართლოს პირველი განჩინება არ გააუქმა. ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვიტა, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ჩამოსცილებოდა, თუმცა ოჯახის  მოთხოვნით,  საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში,  მიხეილ რამიშვილს  მოწმის სტატუსი აქვს. საგამოძიებო უწყება არკვევს, იცოდა თუ არა ადვოკატმა, რომ დავით ფურცხვანიძემ მას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამონტაჟებული სურათები გადასცა.  ფოტოებით მტკიცდებოდა, რომ გარდაცვლილის  მანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ იმყოფებოდა.  დაეკისრება თუ არა მიხეილ რამიშვილს  რაიმე სახის პასუხისმგებლობა, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საგამოძიებო უწყება საკითხის შესწავლას დაასრულებს.