ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც კახეთის რეგიონში ტენდერების დიდ ნაწილს იგებენ – “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” კვლევით დგინდება, რომ 2013 წლიდან დღემდე საეჭვო ტენდერების საერთო მოცულობამ თითქმის 170 მილიონი ლარი შეადგინა. დოკუმენტების მიხედვით, ბიუჯეტიდან გაცემულ თანხებში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილე, ზურაბ სვიმონიშვილი იკავებს, რომლის ორმა კომპანიამ ამავე წლებში მილიონ ორასი ათასი ლარის შეკვეთები მიიღო. მრავალგვერდიან კვლევაში საუბარია ახლად დაფუძნებული კომპანიების მიერ მოგებულ მრავალათასიან ტენდერებზე და ხშირ გამარტივებულ შესყიდვებზე.
კახეთის რეგიონში მომუშავე კომპანიების საქმიანობის შესწავლისას “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ” რამდენიმე სისტემური ხარვეზი გამოკვეთა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორუფციული ფაქტების არსებობა იმდენად ცალსახაა, რომ ამით გამოძიოებაც უნდა დაინტერესდეს. ზვიად ქორიძის თქმით, ყოფილი და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ტენდერებში გამარჯვება იმის დასტურია, რომ რეგიონში არსებულ ბიზნეს ე.წ კლანი განაგებს.
კახეთის რეგიონში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებები უცხო არ ყოფილა ოპოზიციისთვის. ამბობენ, რომ კახეთში არსებული კორუფციული გარემო სხვა რეგიონების მსგავსად სავალალო მდგომარეობაშია. ხელისუფლების ოპონენტებს არ აქვთ იმედი, რომ დღეს დასახელებულ ფაქტებზე საგამოძიებო უწყებას ადეკვატური რეაქცია ექნება, თუმცა იმედოვნებენ, რომ 1 ნოემრბიდან ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვლება.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს გავრეცელებულ კვლევას არ ენდობა მმართველი გუნდი. ხელისუფლება ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდმა კორუფცია წარსულს ჯერ კიდევ 2012 წელს ჩააბარა, ამიტომ დღეს ქვეყანაში სისტუმური კორუფციის ფაქტები აღარ არსებობს.
მთავრობის ოპონენტები გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებენ, თუმცა გადადგავს თუ არა ამ ნაბიჯს შოთაძის უწყება ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.