კორონავირუსის შემთხვევები ისევ პიკურ მაჩვენებლზეა. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 549 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და COVID-19-სგან დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. დღეს გარდაცვლილებიდან 3 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. სამივეს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა. მეოთხე დაღუპული კი მცხეთის ცხელების ცენტრში 23 სექტემბრის შემდეგ გადიოდა მკურნალობას. 67 წლის ქალი ონკოპაციენტი იყო, რის გამოც კორონავირუსმა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ინფიცირებული პაციენტების რაოდენობით კვლავ აჭარა ლიდერობს. ზღვისპირა რეგიონში 24 საათში კოვიდინფექცია 348 ადამიანს დაუფიქსირეს. აჭარაში კორონა პაცინეტებისთვის თავისუფალი მხოლოდ 58 საწოლია. COVID-19-ის შეთხვევებმა მოიმატა დედაქალაქშიც, ვირუსი კიდევ 99 ადამიანს დაუდგინდა. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენას და რეკომენდაციების მკაცრად დაცვას ურჩევენ. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტიდან 55-ის მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა მოსწავლეებშიც. COVID-19 თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი და “მწვანე სკოლის” მე-12 კლასის მოსწავლეებს დაუდგინდათ. ორივე სკოლა სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს. კორონავირუსის გამო, “თბილისი ცენტრალში” განთავსებული ე.წ. ოქროს ბირჟა დღეიდან ორი კვირით დაიხურა. გადაწყვეტილების მიზეზი, ე.წ. ოქროს ბირჟის კორონავირუსით ინფიცირებული 5 თანამშრომელია.
59-ით გაიზარდა ინფიცრებულთა რიცხვი იმერეთში. COVID-19 მესამე კლასის მოსწავლეს ქუთაისშიც დაუდგინდა, რის გამოც ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა ნაწილობრის დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ქუთაისში კორონავირუსით ინფიცრებულია ქალაქის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის ოთხი მოსწავლე. ინფექცია დაუდგინდა გურიაში სოფელ ლაითურის სკოლის 3 მოსწავლესაც. კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სამეგრელოში. მათგან 9 ზუგდიდში, რომელთაგან 7 ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ერთი ცხელების ცენტრის პაციენტი, ერთი კი ბაღდათში ინფიცირებული პირის კონტაქტი. ვირუსი დაუდგინდა ფოთის კოვიდმიმღები კლინიკის სამ მედდას. ორი შემთხვევა გამოვლინდა კახეთშიც. კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედში.
ეპიდვითარება რთულია ოკუპირებულ აფხაზეთში. ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. ორივე დაღუპული, 64 წლის და 73 წლის მამაკაცები გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 1 765 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 640-მა ინფექცია დაამარცხა, ხოლო – 15 გარდაიცვალა.