ხმაური, დაპისპირება და დაკავებები თბილისის მერიასთან. აქციაზე, რომელზეც პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, დაპირისპირება მოხდა. მიზეზი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შელაპარაკება გახდა. “სტრატეგია აღმაშენებლის” პროტესტი პარტიის აქტივისტების მასობრივ დაჯარიმებას მოჰყვა. ირკვევა, რომ მათ მიერ საბანკო სესხების პროცენტის განახევრების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვების პროცესში, მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 100 000 ლარამდე ოდენობის სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა. ვაშაძის პარტიაში თვლიან, რომ ამ სანქციებით ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება, რის გამოც ისინი დღეს თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ. პარტიის დაკავებული წევრები და აქტივისტებიკი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეებთან შეხვედრის ნაცვლად, თბილისის მერიასთან შეკრებილები მერიამ დღეს ისევ დააჯარიმა. როგორც მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ისევ 1000 ლარით დაჯარიმდა, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურად მონტაჟის მუხლით. მერიის განმარტებით, სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს იურიდიულ სამსახურში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.