ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონი, ადგილი, რომელიც მალე შესაძლოა ბეტონის ჯუნგლებად იქცეს. თითქმის 400 ათასი კვადრატული მიწის ფართობი, რომელსაც რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული, ახლა ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თბილისის მერია ამ ტერიოტირიის ბიზნესისთვის გადაცემას გეგმავს, თუმცა სიმბოლურ ფასად, მხოლოდ 1 ლარად. დოკუმენტებით, ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება ტერიტორიაზე შენობები ააშენოს და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოაწყოს. შესაბამისი წერილით კომპანია “იდეა სითიმ” თბილისის მერიას 21 სექტემბერს მიმართა, კალაძის უწყებამ იდეა მოიწონა და ზუსტად ორ დღეში, 23 სექტემბერს განცხადებების მიღებაც დაიწყო.
“ღიმილის უბანი”, დასახლება სადაც თითქმის 400 ოჯახი ცხოვრობს იმ წითელ ზონაშია მოხვედრილი, რომელიც მალე შესაძლოა, მშენებლობის ეპიცენტრი გახდეს. მოსახლეობამ ჯერ არ იცის რა ბედი ელით მათ, თუმცა საკუთარი ქონების დათმობას არ აპირებენ. ადგილობრივების ერთი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მათ საცხოვრებელ სახლებსა და მიწებს ვერ შეეხება, ატეხილი აჟიოტაჟი კი მხოლოდ ოპოზიციის წინასაარჩევნო სპეკულაციაა.
ოპოზიცია კი ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს. მათი თქმით, ამ გარიგებით, ყველა იმ ოჯახს, ვისაც მიწის ნაკვეთი დაკანონებული არ აქვს, სახლს დაუნგრევენ და ადგილს მშენებლობისთვის გაათავისუფლებენ. “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ უკანონო გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა კალაძის გარდა საკრებულოს წევრებსაც ეკისრებათ, რომლებმაც მერიიდან მიღებული 53 გვერდიანი დოკუმენტი მოიწონეს და შემდეგ ხელიც მოაწერეს.
თბილისის მთავრობასა და ბიზნეს კომპანიებს შორის გარიგებებზე საუბრობენ გარემოსდამცველებიც. ფიქრობენ, რომ კორუფციული გარიგებით კახა კალაძე და მასთან დაახლოებული პირები კიდევ ერთი მწვანე სივრცის განადგურებას აპირებენ.
იმას, რომ ახალი პროექტით, ყველა უკანონოდ აშენებულის ახლი დაინგრევა – გვიდასტურებენ “ქართულ ოცნებაშიც”. საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრი გიორგი დოხტურიშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა სახლებს ქაოტურად აშენებს, რაც ქალაქის სწორ განვითარებას ხელს უშლის. დოხტურიშვილის თქმით, ახალი პროექტი მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებზე იქნება მორგებული, მოეწყობა ინფრასტრუქტურა და გარემოც გამწვანდება.
ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში განსახორციელებელ პროქტსა და ოპოზიციის ეჭვებვზე კითხვა თბილისის მერს, კახა კალაძეს დავუსვით, თუმცა მერს გაუჭირდა იმ პროექტზე საუბარი, რომლის შესახებაც მომზადებულ დოკუმენტს ხელი რამდენიმე კვირის წინ თავად მოაწერა. თბილისის ზღვის უბანზე საუბრისას კი კალაძემ აღნიშნა, რომ სტატუსის ცვლილების მიზანი ტერიტორიის სწორი განაშენიანებაა.
იმ შემთხვევაში თუ გარიგება შედგება, მშენებელი კომპანია ვალდებული ხდება მშენებლობის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს აშენებული ბინების 7% გადაცეს. რა ფორმით აშენდება ახალი საცხოვრებელი კომლექსი თბილისის ზღვის მიმდებარედ და რა ბედი ეწევა იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება.