მარნეულში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე დაკავებულ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ლაშა ქველაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. ქველაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, რომელიც 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი ფიზიკურ დაპირისპირების დროს სცემეს, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დააკავეს.
4 000 ლარიანი გირაო შეეფარდა “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთ აქტივისტს – არიფ იუსუბოვს, რომელსაც გამოძიება საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტისას, ორი პირის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. 3 ოქტომბერს პოლიცია ბრალდებულის სახლთან მივიდა და მის დაკავებას შეეცადა, თუმცა მეზობლებისა და ახლობლების წინააღმდეგობის გამო ის ვერ დააკავეს. საბოლოოდ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი პოლიციას თავად ჩაბარდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრების მსგავსად, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და “ოცნების” აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე საპატიმროს 4-4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვებენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 29 სექტემბერს, მარნეულში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს მიაყენეს. დაპირისპირების გამო საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად ცნო “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის დამკვირვებელი, გიორგი მუმლაძე. ორგანიზაციაში საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას აყენებენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებს ყველა დამნაშავე არ დაუკავებიათ.
დაპირისპირება მარნეულის ცენტრში 29 სექტემბერს გვიან ღამით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის შელაპარაკებით დაიწყო, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტისას თავს დაესხნენ “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს. ფიზიკური დაზიანებები მიიღო ჟურნალისტმა – ჯეიჰუნ მუჰამედალიმ. დაზიანდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკაც. დაშავდნენ ადგილობრივი აქტივისტებიც. ფიზიკურად გაუსწორდნენ “სამოქალქო პლატფორმა 20/20”-ის წარმოამდგენელ გიორგი მუმალაძესაც, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვიერვებლო მისიას ახოციელებს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქემთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.