საქართველოში ეპიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება. მხოლოდ დღეს კოვიდინფექციამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. მათგან სამი ქუთაისში, ხოლო ორი აჭარაში დაიღუპა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 69 წლის მამაკაცი ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო და ის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ქუთაისში კლინიკა ბომონდში დაღუპული 78 წლის ქალი და 72 წლის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს. აჭარაში გარდაცვლილი პაციენტები, 57 და 90 წლის ქალბატონები კი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდნენ.
ბოლო 24 საათში რეკორდულად გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვიც. კოვიდინფექცია 453 ადამიანს დაუდასტურდა ინფიცირებულთა რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა. ვირუსი გასულ დღე-ღამეში 295-მა პაციენტმა დაამარცხა. 78 კორონაპაციენტი შეემატა თბილისს, ქვეყანაში კი კრიტიკული პაციენტების რაოდნეობა 38-მდე გაიზარდა.
ვირუსის სწრაფი ზრდის პარალელურად სლოგანი “დარჩი სახლში” კვლავ აქტიურდება. პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენა – ისევ უცვლელ მოწოდებებად რჩება. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები ყოველგვარი კვლევების გარეშე იზოლაციაში 14 დღეს გაატარებენ. ასევე გაირკვა, რომ პირებს, რომლებსაც გრიპის სეზონის დროს მაღალი ტემპერატურა ექნებათ, ტესტირება კორონავირუსზეც ჩაუტარდებათ.
პანდემიის ეპიცენტრად ისევ აჭარის რეგიონი რჩება, სადაც გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექცია კიდევ 300-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ზღვისპირა რეგიონში ვითარების დასტაბილურებისთვის წამყვანი ინფექციონისტები იმყოფებიან. რეგიონის მასშტაბით კლინიკებში 500-მდე, კოვიდკარანტინში 800, ხოლო ბინაზე – 1000 ინფიცირებული მკურნალობს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რეგიონში სიტუაცია კონტროლირებადია.
ეპიდსიტუაცია მძიმდება იმერეთის რეგიონშიც, სადაც გასულ დღე-ღამეში ინფექცია 52 ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის არიან “პსპ” აფთიაქის ქუთაისის ფილიალის 2 თანამშრომელი. კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა ჩხოროწყუში. რის გამოც საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეწყვიტა. ექიმების გარდა, ჩხოროწყუში ინფექცია დაუდასტურდა კიდევ ორ პირს. კორონავირუსი დაუდგინდა ზუგდიდში მოსწავლეს რეპეტირორის კლასტერიდან, ოთხი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ორი კი ცხელების ცენტრის პაციენტი. 6-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი გურიაშიც. COVID-19-ის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა გორში.
კორონავირუსით დაინფიცირდნენ ამერიკის პრეზიდენტი და მისი მეუღლე. დონალდ და მელანია ტრამპებს COVID-19-ზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც ვირუსი პრეზიდენტის თანაშემწეს, ჰოუფ ჰიქსს დაუდგინდა. კორონავირუსისგან დაინფიცირებულ კოლეგას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და წერილი გაუგზავნა რუსეთის პრეზიდენტმა. ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
“დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, კარგი განწყობა და ოპტიმიზმი ამ საშიშ ვირუსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ”, – წერს პუტინი.
მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 34 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. პირველ ადგილზე 7 მილიონზე მეტი ინფიცირბულით შეერთებული შტატებია, მეორეზე 6 მილიონზე მეტი კოვიდპაციენტით ინდოეთი, მესამეზე 5 მილიონამდე ინფიცირებულით ბრაზილია და მეოთხეზე ოკუპანტი რუსეთი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდინფექციით 186 ადამიანი გარდაიცვალა.