კორონავირუსის მორიგი რეკორდი – 448 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში და გარდაცვლილი ორი ადამიანი [01.10.2020]

კორონავირუსის მორიგი რეკორდი. 448 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში, რაც ვირუსის დაფიქსირების პირველი დღის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. COVID-19-ს დღეს კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა. ორივე გარდაცვლილი აჭარის რეგიონშია. ზღვისპირა  რეგიონი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილად რჩება. დღეს  რეგიონში კოვიდინფექციის 241 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ახალი შემთხვევები წინა დღეებში გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტებია. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც აჭარაში გატარდა,  ეპიდემიის გავრცელების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს.

ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება დედაქალაქშიც. გასულ დღე-ღამეში ინფექცია თბილისში, 62 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყნის მაშტაბით 3 155 კოვიდ ინფიცრებული პაციენტიდან 35-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების პიკს, შემდეგ კი შემცირებას ელოდებიან. მათი თქმით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში რეკომენდაციებს უფრო მეტად იცავენ. რაც შეეხება საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებას, ექიმები სკოლებიდან ინფექციის მასიურ გავრცელებას არ ვარაუდობენ. გასულ დღე-ღამეში კოვიდ ინფექცია 299 ადამიანმა დაამარცხა და ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 3419-მდე გაიზარდა.

100-მდე ინფიცირებული შეემატა გასულ დღე-ღამეში იმერეთის რეგიონსაც, დაიკეტა ძვირფასი ნივთების ორი მაღაზია, სადაც კორონავირუსი 20 თანამშრომელს დაუდასტურდა. პაციენტებს შორის არიან როგორც ოჯახები, ისე ორსულები და ბავშვები. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი გურიაში გამოვლინდა.  7-ით გაზიარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. COVID-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლშიც. ინფიცირებულთა შორის სამი არასრულწლოვანია და სამივე მათგანი მკურნალობას სახლის პირობებში გაივლის.

71-ით გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში. ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1458-ია. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა, COVID-19-ს ოკუპირებულ რეგონში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა  რიცხვმა, 34 მილიონს გადააჭარბა.  გარდაცვლილია მილიონზე მეტი ადამიანი. პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, მეორეზე ინდოეთი, მესამეზე ბრაზილია, მეოთხეზე კი ოკუპანტი რუსეთი. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მადრიდში კარანტინი გამოაცხადეს, მოქალაქეებს საცხოვრებელი უბნების ტერიტორიის დატოვება განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აკრძალული ექნებათ. ასევე, დაუშვებელია ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება. საგანგებო მდგომაროება ხელახლა გამოაცხადეს სლოვაკეთშიც. ანალოგიური რეჟიმი 5 ოქტომბრიდან ამოქმედდება ჩეხეთში. ვირუსის 12 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა საფრანგეთში. ეპიდემიოლოგების შეფასებით, რეკორდული ტემპით ვრცელდება COVID-19 ლათინურ ამერიკაშიც. ბოლო 24 საათში განსაკუთრებით რთული სიტუაციაა არგენტინაში, სადაც ბოლო დღე ღამეში 14 ათასზე მეტი ინფიცირებული აღრიცხეს.