საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ხვიჩა მღებრიშვილი 86 დღის შემდეგ გათვისუფლდა [25.09.2020]

86 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი თავისუფალია. ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ხვიჩა მღებრიშვილი ამბობს, რომ ცხინვალის საპატიმროში მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის აბსურდულს უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა.

ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის შემდეგ მიიღო. ტყვეობიდან გათავისუფლებულ  მღებრიშვილს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს და ოჯახში მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება. სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ მღებრიშვილთა პატიმრობის დეტალებზე საუბარს, მას შემდეგ გეგმავენ, რაც ის საკარანტინე სივრცეს დატოვებს.

ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში. კელი დეგნანი აცხადებს, რომ ინციდენტების პრევენციის და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრები არის შედეგიანი. დეგნანის თქმით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა რათა კიდევ რამდენიმე პატიმარი გათავისუფლდეს.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.