რას ედავება პროკურატურა დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს და დააკავებენ თუ არა ბაჩალიაშვილის ადვოკატს [25.09.2020]

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს  მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დაკავებულია. უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი სამართალდამცავებმა დღეს დილით აიყვანეს.  ოჯახის ინფორმაციით, ფურცხვანიძე უახლოეს დღეებში ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა, სადაც მის მიერვე გავრცელებული ფოტოების ავთენტურობის დასადგენად, დამატებითი ექსპერტიზები უნდა ჩაეტარებინა.

დავით ფურცხვანიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.  მას ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაცია და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება. პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულების სახით,  ამოღებულია  დავით ფურცხვანიძის, ასევე მისი შვილის ტექნიკა და მობილური ტელეფონები.   პროკურატურის მტკიცებით ე.წ სატელიტის ფოტოები, რომელიც დავით ფურცხვანიძემ  მიხეილ რამიშვილს გაუგზავნა გაყალბებულია და ფოტომონტაჟზე დაკავებულის შვილმა იმუშავა.

პროკურატურის ინფორმაციით,  თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ირიბმა მოწმემ, ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო. პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძე სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

ე.წ სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, ბრალის წაყენებას არ გამორიცხვას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ  მან გამოძიებას  სატელიტის ფოტოები არა მტკიცებულებად, არამედ ინფორმაციად მიაწოდა. ადვოკატი  ფიქრობს რომ  გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობა მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეზე  გამოძიება პროკურატურამ მას შემდეგ დაიწყო, რაც მიხეილ რამიშვილმა  დავით ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული სატელიტის სურათები გაასაჯაროვა. ფოტოებით მტკიცდებოდა, რომ გარდაცვლილის  მანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ იმყოფებოდა. პროკურატურამ კი დაადგინა, რომ ეს მასალა  დამონტაჟებული და ყალბია.  აღმოჩნდება თუ  არა ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, გახმაურებული საქმის ადვოკატი ბრალდებულის სკამზე, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საგამოძიებო უწყება საკითხის შესწავლას დაასრულებს.