კორონავირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი და მორიგი რეკორდული მაჩვენებელი. ბოლო ხუთ დღეში ქვეყანაში კოვიდ ინფექციით 7 ადამიანი დაიღუპა. COVID-19-ით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხუთი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. 54 წლის კაცს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება და ფილტვის 80%-ის დაზიანება აღენიშნებოდა. აჭარაში რეკორდულად მატულობს დადასტურებული შემთხვევების დღიური მაჩვენებელიც. ბოლო 24 საათში ზღვისპირა რეგიონში კორონავირუსის 168 ახალი ფაქტი გამოვლინდა. COVID-19-ით არის ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორიც, რომელიც მკურნალობას სახლში აგრძელებს, რადგან მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმტპომები არ აღენიშნება. კლინიკაში მოთავსებული 145 ინფიცირებულიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დილიდან შეწყდა. საღამოს 10 საათზე დაიხურება რესტორნები.
ქვეყანაში კი დღეს მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 265 ადამიანი დაინფიცირდა და საერთო რაოდენობა 4664-მდე გაიზარდა. მათგან 43 თბილისში გამოვლინდა. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა, 3000-ს მიაღწია. აქედან 17 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 54-მა პაციენტმა დაამაცხა და COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვი 1759-ს შეადგენს. 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში.
ბლოკპოსტი, გააქტიურებული თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მოეწყო ბლოკპოსტი, სადაც ადგილობრივების გადაადგილებას სამართალდამცველები აკონტროლებენ. სოფელ ლაითურში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა და ყველა მათგანი სკოლის კლასტერს უკავშირდება. საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტში 84 კოვიდ ინფიცირებულია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იმერეთში. ინფიცირებულებიდან ნაწილი კვლავ ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება. არიან ახალი ინფიცირებულები, რომელთა კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. იმერეთის რეგიონის კოვიდცენტრებში ჯამში 301 ადამიანია მოთავსებული. COVID-19-ის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდშიც. ინფიცირებულებიდან სამი ზუგდიდის მერიის თანამშრომელია. სულ რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის 65 ინფიცირებულია. კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა სენაკში, ინფიცირებული შუახნის ქალი რუხის კლინიკაში მოათავსეს. 1 ახალი ფაქტო გამოვლინდა რუსთავშიც, მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
ისევ რთული ეპიდვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 61 ადამიანი დაინფიცირდა. აპრილის შემდეგ აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 1177 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 8 ადამიანი. ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ გადადო 1 ნოემბერს დანიშნული ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები. რაც შეეხება ოკუპირებულ ცხინვალს, რუსეთთან საზღვრის გახსნის შემდეგ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონსა და რუსეთს შორის ე.წ. საზღვარი 15 სექტემბერს გაიხსნა, რომელიც მანამდე ნახევარი წლის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. პანდემიის დაწყებიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 90 შემთხვევა გამოვლინდა. ყველა მათგანი გამოჯანმრთელდა.
მილიონს უახლოვდება კორონავირუსით გარდაცვილთა რაოდენობა მსოფლიოში. ინფიცირებულია 32 მილიონ ნახევრამდე ადამიანი. პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, მეორეზე ინდოეთი, მესამეზე ბრაზილია, ხოლო მეოთხეზე ოკუპანტი რუსეთი. კორონავირუსის მატების გამო რიგი ქვეყნები ზომებს ამკაცრებენ. პანდემიის გამო რიოში კარნავალი აღარ გაიმართება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო კარანტინი მკაცრდება ისრაელში, დაიხურება ყველა მაღაზია. მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლებიდან ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება აკრძალული ექნებათ. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მოსკოვში, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, სახლში დარჩენის რეკომენდაციას აძლევენ. მოსკოვის მერმა მოსახლეობას სახლებიდან მუშაობისკენ მოუწოდა.