აღმოჩნდება თუ არა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის ადვოკატი ბრალდებულის სკამზე. კითხვები მიხეილ რამიშვილის მისამართით მას შემდეგ გაჩნდა, რაც პროკურატურამ მის მიერ გასაჯაროებულ ფოტოებზე თქვა რომ ყალბია. დღეს ადვოკატს კითხვებზე პასუხის გაცემა მოსამართლის წინაშე მოუხდა. საგამოძიებო უწყება არკვევს, იცოდა თუ არა მიხეილ რამიშვილმა, რომ დავით ფურცხვანიძემ მას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დამონტაჟებული სურათები გადასცა. ფოტოებით მტკიცდებოდა, რომ გარდაცვლილის მანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ იმყოფებოდა. მასალის ავთენტურობაზე ვერაფერს ამბობს, თუმცა რამიშვილი დარწმუნებულია, რომ ავტომობილი გარკვეულ პერიოდამდე მაწევანის ტყეში ნამდვილად არ იდგა.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიხეილ რამიშვილის ტელეფონი დალუქულია. საქმის პროკურორის განმარტებით, დღეს დაკითხვაზე დადასტურდა, რომ რამიშვილის მობილურის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე “ყარაბაღას” სახელით არის ჩაწერილი, რაც მისივე შეფასებით, საეჭვო გარემოებაა. დავით გუმბერიძე დავით ფურცხვანიძის დაკითხვას იხსენებს. პროკურორის ინფორმაციით, ფურცხვანიძე დამოუკიდებლად აწარმოებდა გამოძიებას და მან შექმნა სტატია უკანონო იარაღთან დაკავშირებით, რასთანაც თითქოსდა კავშირი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს. რა კომუნიკაცია ჰქონდა დავით ფურცხვანიძესთან მიხეილ რამიშვილს, როგორც ჩანს პროკურატურამ ადვოკატისგან საკმარისი პასუხები ვერ მიიღო.
დღესვე მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით გამოიკითხა ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი. ეკა ქობესაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ხდება ამ საქმეზე ადვოკატების გამოკითხვა, რადგან ისინი, როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლები, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებენ. იურისტის ინფორმაციით, ფოტომასალას, რაზეც გამოძიება ამბობს, რომ ფალისიფიცირებულია, მტკიცებულების სახე არ ჰქონია.
ადვოკატების გამოკითხვის დასრულებას, საქალაქო სასამართლოს ეზოში ელოდნენ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები. ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყების ვერსია სარწმუნო იმ შემთხვევაში იქნება, თუკი, სატელიტიდან გადაღებულ საპირისპირო ფოტომასალას გამოიკვლევენ, რითიც დადასტურდება რომ ბაჩალაიშვილის მანქანა შემთხვევის ადგილზე გაუჩინარების დღიდან იდგა.
გამოკითხვის პარალელურად მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოს ეზოში ადვოკატები შეიკრიბნენ. იურისტების შეფასებით, უფლებადამცველის პირად სივრცეში შეჭრა კატეგორიულად მიუღებელია. ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყების მხრიდან ადვოკატის პირადი ტელეფონით დაინტერესება, საშიში ტენდენციაა.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მიხეილ რამიშვილს ამ ეტაპზე მოწმის სტატუსი აქვს. დაეკისრება თუ არა ადვოკატს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, მას შემდეგ გაირკვევა, რაც საგამოძიებო უწყება საკითხის შესწავლას დაასრულებს. თავად რამიშვილი დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად, ბრძოლას არ შეწყვეტს.