სამი გარდაცვლილი და 218 ახალი ინფიცირებული – კორონავირუსი ახალ რეკორდს ამყარებს. ბოლო 24 საათში COVID-19-ით ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთი, ქუთაისში კლინიკა “ბომონდში” მკურნალობდა. მეორე კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ასაკოვან ქალს, რომელიც ქუთაისში გარდაიცვალა, რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ბათუმში გარდაცვლილ 67 წლის მამაკაცს კი, მძიმე ხარისხის ინსულტი ჰქონდა მიღებული. ასევე მძმე იყო მესამე გარდაცვლილის მდგომარეობაც. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა და საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი.
ვირუსის გავრცელების სტატისტიკა გასული დღე-ღამის განმავლობაში ისევ მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი სტაბილურად სამ ნიშნულზეა. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3913-ს შეადგენს. ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაში ფიქსირდება, გასულ დღე-ღამეში COVID-19-ით რეგიონში კიდევ 137 ადამიანი დაინფიცირდა. 21-მდე გაიზარდა კორონავირუსიოთ ინფიცირებული ორსულების რაოდენობა. კოვიდ ინფექციაზე ახალშობილის პასუხს ელოდებიან ბათუმის სამშობიარო სახლში, ინფექცია ჩვილის დედას აღმოაჩნდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორნავირუსით ინფიცირებული 160 პაციენტიდან 21 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
მნიშვნელოვნად იზრდება კორონავირუსის შემთხვევები დედაქალაქშიც. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექცია თბილიშში 47 ადამიანს დაუდასტურდა. ექიმები ამბობენ, რომ ახალი შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების მიუხედავად ქვეყანა, აჭარის რეგიონის გამოკლებით, მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. ქვეყანაში სულ 16 კრიტიკული და 90-მდე მძიმე პაციენტია. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექცია 40-მა პაციენტმა დაამარცხა და ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 1574-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის შემთხვევები მზარდია იმერეთშიც. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი 26 ახალი შემთხვევა როგორც ცნობილ, ასევე ახალ კლასტერებს უკავშირდება. რამდენიმე პაციენტი ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა საირმეში სასტუმროში მყოფ რამდენიმე პირს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ სამეგრელოსა და გურიაში. ზუგდიდში მდებარე ოქროს ბირჟის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ოქროს ბირჟა დაიკეტა. 35-მდე გაიზარდა ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. სენაკში, სოფელ თეკლათში COVID-19-ის გამოვლენილი ახალი შემთხვევების გამო 150-მდე პირი, მათ შორის პედაგოგები და ბავშვები, იზოლაციაში არიან. რეგიონში კორონავირუსი 2 მოსწავლეს და 1 მასწავლებელს აქვს დადასტურებული. 7 ახალი ფაქტი გამოვლინდა გურიაშიც.
ისევ მძიმე ეპიდ სიტუაციაა ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზეთში საერთო ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 955-ს შეადგენს, აქედან 285 პაციენტი განიკურნა, ხოლო შვიდი გარდაიცვალა. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა რუსული ვაქცინის, “სპუტნიკ V”-ის შეძენას და მოსახლეობის ნებაყოფლობით, უფასო აცრას გეგმავს.
31 მილიონ ნახევარს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობამ მსოფლიოში. საიდანაც 970 000-მდე პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 23 მილიონზე მეტმა ინფექცია დაამარცხა. კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე. კერძოდ, წმინდა პავლეს მონასტერში კორონავირუსის რვა, ხოლო თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე მდებარე კიდევ ორ მონასტერში. ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ს აღემატება, რის გამოც მადრიდის რეგიონული ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის დახმარებას ითხოვს. ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი კი ამბობს, რომ ზომების ამოქმედების გარეშე, ბრიტანეთში ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 50 000-ს შეადგენდეს. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, მეორეზე ინდოეთი, მესამეზე ბრაზილია, ხოლო მეოთხეზე ოკუპანტი რუსეთი.