ჩამსხვრეული შუშები და ჩამოხეული ბანერები – არჩევნებამდე თვე-ნახვერით ადრე პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის სამგორის ოფისს გვიან ღამით უცხო პირები თავს დაესხნენ და ოფისს ქვები დაუშინეს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ აფრიკის დასახლებაში არსებულ ოფისზე განხორციელებული თავდასმის უკან “ქართული ოცნება” დგას, რომელმაც კონკრეტული პირები ოფისთან ორგანიზებულად მიიყვანა. ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ არჩევნების წაგების შიშით ოცნების ხელისულფება ოპონენტებს თავს ესხმის, რაც სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გახშირდება. პარტიის ოფისზე თავდასხმის გამო კი პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
“ნაციონალური მოძრაობა” არ არის ერთადერთი პარტია, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ზეწოლის ფაქტებზე ღიად ალაპარაკდა. საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ხელის შეშლაზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ მამუკა ხაზარაძის “ლელოშიც”. პარტიაში ამბობენ, რომ რამდენიმე კვირის წინ მათ აქტივისტზე მომხდარი ფიზიკური თავდასხმის ფაქტი სრულყოფილად გამოძიებული ჯერ კიდევ არაა, რადგან რამდენიმე თავდამსხმელიდან დაკავებული მხოლოდ ერთია. ივანიშვილის ხელისუფლებას მიზამიმართული ხელის შეშლის კამპანიაში ადანაშაულებენ “სტრატეგია აღმაშენებელშიც”. ვაშაძის პარტიაში ამტკიცებენ, რომ მათ ერთ-ერთ აქტივისტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებითაც აშანტაჟებდნენ.
გახშირდა თუ არა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოტივირებული დევნის ფაქტები და რისთვის ემზადება ოპოზიცია – ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ღია ძალადობით ხელისუფლება ამომრჩევლის დაშინებასა და საარჩევნო შედეგებზე ზემოქმედებას ცდილობს. “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიები ლიდერებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნულ საოლქო კომისიების ე.წ დამოუკიდებელ წევრებზეც ისაუბრეს და მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულეს.
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად რომ პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს ბუნებრივი ჰგონიათ “ქართული ოცნებიდან” დემარშით წასულ დეპუტატებს, თუმცა მათი თქმით, კამპანია არა ძალადობაზე, არამედ ჯანსაღ კონკურენციაზე უნდა იყო დამყარებული. ეკა ბესელია ფიქრობს, რომ თუ ძალადობრივი ფაქტების უკან ხელისუფლება არ დგას, მაშინ პოლიციამ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან “ქართული ოცნებისთვის” წაყენებულ ბრალდებას გამოეხმაურნენ “ქართულ ოცნებაში”. მმართველი პარტიის წევრმა გია ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევაზე პასუხისმგებლობა თავად სააკაშვილის პარტიას დააკისრა და ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. ვოლსკი ამბობს, რომ პარტიული ოფისების დარბევა მმართველი გუნდის ხელწერა არ არის.
2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური დაძაბულობა სულ უფრო იმატებს. მართალია, პოლიტიკური პარტიები ცესკოს მიერ მიღებულ ქცევის კოდექსზე და თამაშის საერთო წესებზე შეთანხმდნენ, თუმცა ერთმანეთს სწორედ ამ წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.