ლარი გაუფასურებას განაგრძობს – ეროვნული ბანკი კი რეზერვებს აცარიელებს (18.09.2020)

ლარი გაუფასურებას განაგრძობს – ეროვნული ბანკი კი რეზერვებს აცარიელებს. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვა დღეს უკვე 3 ლარად და 20 თეთრად არის შესაძლებელი. ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს ღირებულება უკვე 3 ლარი და 80 თეთრია.  ტაბლოებზე მოცემული ციფრების გამო შეშფოთებას ვერ მალავენ მოქალაქეები. ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის რეკორდულმა გაუფასურებამ პროდუქტებზე ფასების საგანგაშო მატება გამოწივია და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ყიდვაც კიუჭირთ.

ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე  სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას  აკისრებს ოპოზიცია. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ,  რომ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლილია, ეროვნული ვალუტა კი “ხელოვნურ სუნთქვაზეა”.  ოპოზიცია შექმნილი კრიზისიდან ერთადერთ გამოსვალს მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს.

როდემდე გაგრძელდება ლარის ვარდნა და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ეკონომიკა ამაზე ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. თუმცა მმართველი გუნდი თავს იმშვიდებს და ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები რომ არა, ეროვნული ვალუტა ახლა კიდევ უფრო  მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა.

ეროვნულმა ბანკმა ორი დღის წინ ლარის გაუფასურების ტენდენციის შესამცირებლად რეზერვებიდან კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა სავალუტო ჯიხურების ტაბლოებზე ციფრები მაინც მზარდია.  ეკონომისტები ლარის რეკორდული ვარდნის მიზეზად მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახელებენ და აცხადებენ, რომ ვითარების გაუმჯობესებისთვის მხოლოდ ეროვნული  ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია.

2020 წლის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა  ლარის რეკორდული გაუფასურების შესაჩერებლად რეზერვებიდან უკვე 380 მილიონ ლარზე მეტი დოლარი გაყიდა, თუმცა ეროვნული ვალუტა მაინც უფასურდება. ეროვნული ბანკი და მთავრობა  სავალუტო ბაზარზე შექმნილ კრიზისს პანდემიით და არჩევნების წინ შექმნილი უაყოფითი მოლოდინებით ხსნის.