კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა ქვეყანაში – ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა ისევ რეკორდულ მაჩვენებელზეა. დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 3119-ს შეადგენს. მათ შორის კოვიდინფექციის 34 ახალი შემთევევა გამოვლინდა თბილისში. კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის აპარატის თანამშრომელს. ინფიცირებული გადაყვანილია კლინიკაში და მოძიებულია მისი ყველა კონტაქტი. ინფექციონისტები ამბობენ, რომ აკრძალვების მიუხედავად, საზოგადოება რეგულაციებს არ იცავს. მათი თქმით, დიდი თავყრილობები კვლავ იმართება, რაც კორონავირუსის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. ექიმები მოსახლეობას მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, კორონავირუსი ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 13-მა პაციენტმა დაამარცხა.
ისევ წითელ ზონად რჩება აჭარის რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 129 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. COVID-19-ით ინფიცირებულებს შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, არასრულწლოვნები და ორსულები. 16-მდე გაიზარდა ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, მათი მდგომარეობა დადებითია. 29-მდე გაიზარდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა, მათ შორის ყველაზე პატარა 9 თვისაა. სულ კი კლინიკაში 54 კოვიდ ინფიცირებულს მკუნალობენ. გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსზე 4000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა
კორონავირუსის შემთხვევები მატულობს იმერეთშიც. თერთმეტი ახალი შემთხვევა 32-ე სკოლის კლასტერს უკავშირდება. კორონავირუსი დაუდასტურდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს. ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. კორონავირუსის დიანგოზით მოზარდია მოთავსებული ჭიათურაში მდებარე “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში. COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევა დაემატა კახეთის რეგიონს. აქედან 1 ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება, ხოლო მეორე მატანის, ქორწილის კლასტერის კონტაქტია. რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევაა, აქედან 14 მატანში, 7 ველისციხეში, 9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში. კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ფოთშიც. ინფიცირების წყაროს თბილისისა და ბათუმის კლასტერები წარმოადგენს. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულების ახლო კონტაქტებს იკვლევენ.
ახალი შემთხვევებიდან 3 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სოფელ ტირძნისში COVID-19 სამ ბავშვს დაუდასტურდა. კორონავირუსი რუსთავის ერთ-ერთი ოფთალმოლოგიური კლინიკის თანამშრომელსაც გამოუვლინდა. 31 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თბილისში კოვიდმიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი. 29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში კრონავირუსით ინფიცირების 41 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო ახალ შეზღუდვებს აწესებს ოკუპირებული აფხაზეთი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5 ოქტომბრიდან იკრძალება საქორწილო და სხვა სახის საზეიმო ღონისძიებები. სამგლოვიარო და ხსოვნის ცერემონიალები კი შეზღუდული რაოდენობის ადამიანების დასწრებით ჩატარდება. სხვადასხვა დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების და მეტრანახევრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულებაც აქვთ. დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 782 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 7 ადამიანი.
კორონავირუსის შემთხვევები მატულობს მსოფლიოში. სულ ინფიცირებულია 30 300 000-ზე მეტი ადამიანი. COVID-19-ის გავრცელების კუთხით მზარდი მონაცემები ფიქსირდება ევროპის სახელმწიფოებში, რის გამოც მთავრობები შეზღუდვებს ამკაცრებენ. ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ფაქტი დადასტურდა საფრანგეთში, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. საფრანგეთში 80-ზე მეტი სკოლა უკვე დაიხურა. 23 აპრილის შემდეგ, ვირუსის რეკორდული მატება დაფიქსირდა გერმანიაშიც. ახალი შეზღუდვების დაწესება დაანონსდა მადრიდში. ისრაელში კი დღეიდან სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა. მზარდია ინფიცირების შემთხვევები შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში. აშშ-ში ერთ დღეში ინფექცია 20 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ბრაზილიაში კი ეს მონაცემი 36 ათასს აჭარბებს.