ეკონომიკის მინისტრის მოსმენა პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირების და მწვავე კითხვების ფონზე (18.09.2020)

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოსმენა. კორონაკრიზისი, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ლარის კურსი  – ეს ის თემებია, რაზეც ნათია თურნავას პასუხების გაცემა მოუწია. მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით “ევროპულმა საქართველომ” დაიბარა. ოპოზიციამ თურნავას მწვავე შეკითხვები დაუსვა და მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულა. მათი თქმით ლარი უფასურდება, მოსახლეობას ცხოვრება უძვირდება, თუმცა მთავრობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად არაფერს აკეთებს. ოპოზიციამ მინისტრს ჰკითხა რატომ არ აწესებენ საგადასახადო შეღავათებს, რაც ეკონომიკის სტიმულირებას ხელს შეუწყობს და რატომ არ მოქმედებს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. ოპონენტების საპასუხოდ ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა მიზნობრივია და დაუფიქრებელი, წინასწარ დაუთვლელი გადაწყვეტილებების მიღების დრო არ არის. ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ ეკონომიკის მინისტრმა  “ნაციონალური მოძრაობის” 9 წლიან მმართველობაზეც ისაუბრა, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ოპოზიციამ ეკონომიკის მინისტრის მის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამოც გააკრიტიკა. დეპუტატების განცხადებით ეროვნული ვალუტა ხელოვნურ სუნთქვაზეა, მთავრობას კი როგორც მორალური, ისე პროფესიული კომპასი გაფუჭებული აქვს.