ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (18.09.2020)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა. ასეთია ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის  ორგანიზმში მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ ტაბლეტების დალევის შედეგად მოხვდა. საგამოძიებო უწყებაში ამტკიცებენ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები  არ აღენიშნება.

პროკურატურა 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის გადაადგილების მარშრუტსაც აქვეყნებს რითაც გამორიცხავს ვერსიას, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტი  გაუჩინარების დღეს ვინმესთან შესახვედრად მიდიოდა.  დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილი საბედისწერო დღეს, მარნეულის მიმართულებით სოფლების – თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით გადაადგილდებოდა. ამავე მარშრუტის მიხედვით, ბაჩალიაშვილი სოფელ გოლთეთიდან გზას თეთრიწყაროს მიმართულებით აგრძელებს, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და მისი ავტომანქანა ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე ჩერდება.  პროკურატურის ცნობითვე, ავტომანქანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალია აღმოჩენილი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის  მიერ.

საგანგებო ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს. პროკურორის განმარტებით,  მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები, რითაც მტკიცდებოდა, რომ გარდაცვლილის  მანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ იმყოფებოდა,  დამონტაჟებული და ყალბია. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ  ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

პროკურატურის განცხადებას მწვავე კრიტიკით პასუხობს ადვოკატი. საგამოძიებო უწყებაში გამართული ბრიფინგის შემდეგ მიხეილ რამისვილმა წყარო გაასაჯაროვა და თქვა, რომ სატელიტის ფოტოები ვინმე დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. რამიშვილი მის მიერვე დასახელებულ პირს ჟურნალისტების დანდასწრებით დაუკავშირდა. თავად ფურცხვანიძე კი ამბობს, რომ მასალა უცხოეთიდან გამოუგზავნეს.

საგამოძიებო უწყების მიერ  გავრცელებული ახალი დეტალების უფლედამცველებს არ სჯერათ. მიხეილ რამიშვილი  ამბობს, რომ   თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ნამდვილ ვერსიას აუცილებლად დაამტკიცებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჩალიაშვილების ადვოკატებს გამოძიების არ სჯერათ, დღეს პროკურორმა გახმაურებული საქმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ისაბურა.  ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობაზე საუბრობს.

გამოძიება დაინტერესდა, იძებნებოდა  თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში ან მის კუთვნილ სმარტფონში რაიმე ტიპის ჰაკერული პროგრამა.  უწყების ცნობით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში დაინსტალირებულ პროგრამულ უზრუნველყოფებს შორის ჰაკერული ტიპის პროგრამა არ ფიქსირდება.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც  ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე –  17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს  სხვადასხვა აფთიაქში.