არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე საერთაშორისო რესბულიკური ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში პარტიების რეიტინგებიც მოხვდა. ტრადიციულ კითხვაზე თუ ვის მისცემდნენ ამომრჩევლები ხმას მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა დიდი ნაწილი, 36% “ქართულ ოცნებას” ასახელებს, 15% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 4% – “ევროპულ საქართველოს”, “პატრიოტთა ალიანსსა” და “სტრატეგია აღმაშენებელს”. “ლეიბორისტულ პარტიას” – 3%. “სამოქალაქო მოძრაობას”, “ლელოს” და “გირჩს” კი 2% მისცემდა ხმას. 1% -ანი მხარდაჭერა აქვს ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიულ მოძრაობას”. აღსანიშნავია, რომ არ იცის ან კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა გამოკითხულთა 23%-მა.
IRI-ის დღევანდელი კვლევით, მოსახლეობის 44% საქართველოში არსებული დემოკრატიის ხარისხით ნაწილობრივ ან ძალიან უკმაყოფილოა, დემოკრატიულობის დონეს ნაწილობრივ ან ძალიან მაღალი ხარისხით გამოკითხულთა 51% აფასებს. კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსაც. გამოკითხულთა უმრავლესობა სოფლად და ქალაქად მთავარ პრობლემად კვლავ უმუშევრობას ასახელებს, მეორე ადგილზეა სასმელი წყალი, მესამე პოზიციას კი ეკონომიკის პრობლემები იკავებს.
კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა პანდემიის პირობებში, პასუხები დრამატულია. გამოკითხულთა 64% ამბობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა ნაწილობრივ ან რადიკალურად გაუარესდა, 32%-სთვის იგივე დარჩა, უკეთესი შემოსავალი კი მოქალაქეების მხოლოდ 3%-მა მიიღო.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შეფასებისას ხელისუფლების ოპონენტები ხაზს, “ქართული ოცნების” რეიტინგის კლებას უსვამენ. ამბობენ, რომ ამ ბოლო დროს გამოქვეყნებულ კვლევებში ოპოზიციის საერთო რეიტინგმა ხელისუფლებისას გადააჭარბა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს იმედი აქვთ, რომ მოსახლეობის განწყობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე 31 ოქტომბერს საარჩევნო შედეგებზეც აისახება
IRI-ის დღევანდელ კვლევას უნდობლობას უცხადებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები ალოკაციის მეთოდით არ არის დათვლილი, რაც რეალურ შედეგებზე დიდი გავლენას ახდენს. “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებულები არიან, რომ მმართველი ძალა არჩევნებზე 60%-მდე მხარდაჭერას მიიღებს და ხელისუფლებას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. საველე სამუშაოები IPM-მა განახორციელა. მონაცემები მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით შეგროვდა. შერჩევა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს საქართველოს 10 რეგიონში მოიცავდა. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75%-ია. კვლევის მიხედვით, არ არსებობს სხვა ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ჩატარდა.