ევროპარლამენტის მკაცრი რეზოლუცია და შეფასებები თბილისში (17.09.2020)

552-ით 61-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. 36 პუნქტიან დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული პოლიტიკურ პარტიებს შორის 2020 წლის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირეებით, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართელოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტია. ევროპელი კანონმდებლები მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს ყველაფერი გააკეთონ რათა მოახლოებული არჩევნები დემოკრატიულ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს. ანგარიშში ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლოდროინდელ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მათი შეფასებით ძირს უთხრის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ნდობას და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებულ რეფორმებზე.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა და  ანგარიშს პოზიტიური უწოდა. არჩილ თალაკვაძე  ევროპელ პარტნიორებს არწმუნებს რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირისგან ძლიერი მხარდაჭერა აქვს, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც გამოიკვეთა.

ოპოზიცია კი პარლამენტის თავმჯდომარეს და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს ურჩევს კარგად წაიკითხონ ევროპარლამენტის რეზოლუცია. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ევროდეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია უპრეცენდენტოა და ის არის მკაფიო გაფრთხილება “ქართული ოცნების” მიმართ, რომ ის რაც წინა არჩევნებზე ხდებოდა აღარ უნდა განმეორდეს.

“ქართული ოცნებიდან” დემარშით წასული დეპუტატები კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არჩევნების წინ განსაკუთრებით საყურადღებოა. ისინი ყურადღებას ანგარიშის იმ ნაწილზე ამახვილებენ, სადაც მართლმსაჯულების სისტემაზეა საუბარი.

ანგარიშში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.