11 შუამდგომლობა ირაკლი შოთაძის სახელზე. გაურვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გენერალურ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართა. მიხეილ რამიშვილის განმარტებით, ამ შუამდგომლობაში დასმულია ყველა ის კითხვა, რომელიც დაზარალებულ ოჯახს საგამოძიებო უწყებასთან აქვს. ადვოკატის შეფასებით, გახმაურებული საქმის გამოძიება უკვე დიდიხანია ჭიანურდება, რაც ეჭვებს კიდევ უფრო აღრმავებს.
საგამოძებო უწყების მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს გახმაურებულ საქმეში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრიც”. იურისტი განმარტავს, რომ ბაჩალიაშვილის საქმის ირგვლივ არსებული ბუნდოვანი გარემოებები დროულად უნდა გამოიკვლიონ. ადვოკატები ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანი საქმის გამოძიებაში კვლავ ამერიკის ფენერალური ბიუროს ექსპერტების ჩართულობას ითხოვენ. ამბობენ იმასაც, რომ ბაჩალიაშვილის საქმე მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, 16 წლის მწყემსმა მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები ლეტალურ მაჩვენებელს აღემატება. ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები აღმოჩენილია გარდაცვლილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში. საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვაც, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე – 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს სხვადასხვა აფთიაქში.