აჭარა – 144, თბილისი – 29, იმერეთი – 8 – კორონავირუსის მორიგი რეკორდული მაჩვენებელი ქვეყანაში. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექცია 196 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის 74% აჭარაზე მოდის. ინფიცირებულია სამედიცინო პერსონალი, 15-მდე არასრულწლოვანია და 9-მდე ორსული. ინფიცირებულია საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის რეგისტრატურის 1 თანამშრომელი. ის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ინფექცია სწორედ ამ პერიოდში დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. როგორც აჭარის ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, კორონავირუსის შემთხვევბის მატებას ელოდებოდნენ და სისტემა გაზრდილ შემთხვევებს უმკლავდება.
აჭარის რეგიონში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება და ბათუმში სპეციალური პუნქტები მოეწყობა. თუმცა ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება. მათ შორის არც ბათუმში
ბოლო 5 დღეში ქვეყანაში კოვიდინფექცია 800-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 2758-ს შეადგენს. 8 პოზიციით გაუარესდა საქართველოს მაჩვენებლი COVID-19-ის საერთაშორისო რეიტინგში. თუმცა ინფექციონისტები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა მომატებულ კოვიდ შემთხვევებს უმკლავდება. შემთხვევების მნიშვნელოვან მატებას კი ზაფხულში გაზრდილი მობილობით ხსნიან. ექიმების თქმით, თბილისი ზომიერ, კონტროლირებად მატებას ინარჩუნებს.
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში. ყველა შემთხვევა 32-ე სკოლას უკავშირდება. მიმდინარეობს წყაროს დაზუსტება. დღეიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილ კარავს აიღებენ და მოქალაქეების ტესტირება ე.წ. ცხელების ცენტრში გაგრძელდება. ქუთაისში გასული ხუთი დღის განმავლობაში ასამდე შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 34 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსი სამართალდამცველს დაუდასტურდა მარტვილში. მისი ინფიცირების წყარო ბათუმია და ის რუხის კლინიკაშია მოთავსებული. გამოვლენილია მისი 7 კონტაქტი, რომლებიც კარანტინში არიან მოთავსებულნი. 6 ინფიცირებულით გაიზარდა ე.წ. საბერიოს კლასტერიც.
კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. ინფიცირებულთაგან ერთი დაკავშირებულია მატანის კლასტერთან, ორი გამოვლიდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ინფიცირებულები შსს-ს თანამშრომლები არიან. მათ ვირუსი გეგმური ტესტირებისას დაუფიქსირდათ. ორივე მათგანს თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ. მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხში, რომელიც დაკავშირებულია აჭარაში მოგზაურობის ისტორიასთან.
ბოლო 24 საათში კოვიდ ინფექცია 31-მა პაცინეტმა დაამარცხა და ვირუსისგან განკურნებულთა რაოდენობამ 1412 შეადგინა. კარანტინის რეჟიმში რჩება 6633 ადამიანი, ხოლო ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პირი.