ეროვნული ვალუტა რეკორდულად უფასურდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით ერთი დოლარის ღირებულება დღეს 3 ლარი და 15 თეთრია, თუმცა სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი 3 ლარს და 16 თეთრსაც აღწევს. ლარი მკვეთრად უფასურდება ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს შეძენა 3 ლარად და 75 თეთრად არის შესაძლებელი. ბოლო დღეებში ლარის საგანგაშო გაუფასურებას პანდემიით და წინასაარჩევნო დაძაბულობით ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის ვარდნა დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება. გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.
ლარის საგანგაშო გაუფასურების მიხუედავად მთავრობის ეკონომიკური გუნდი აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ სავალუტო რყევები ზომიერია და ნეგატიური ტენდენციის გაგრძელების ნიშანი არ არსებობს.
ოპოზიცია კი ლარის ვარდნაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება სწორედ მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ განაპირობა. მათი თქმით ლარი პანდემიამდეც უფასურდებოდა, ამის მიზეზი კი ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუარესება და ინვესტიციების კლება იყო. ოპოზიცია მთავრობას და ეროვნულ ბანკს მოუწოდებს ლარის და ეკონომიკის გადასარჩნად სწრაფი და გადაუდებელი მოქმედებები დაიწყონ.
ლარის გაუფასურებას არჩევნების მოახლოებას და კორონავირუსის მეორე ტალღას უკავშირებენ ეკონომისტები. მათი თქმით მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია, თუმცა პანდემიის გამო მოსახლეობას უარყოფითი მოლოდინები აქვს და ჭარბი რაოდენობით დოლარის შეძენას ცდილობს.
ლარის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ გაზარდა და უცვლელად 8%-ზე დატოვა. შესაბამისად მოსახლეობას ლარში აღებული სესხები არ გაუძვირდება. დღესვე სებმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ლარის ვარდნის შესაჩერებლად სავალუტო აუქციონზე დამატებით 40 მილიონი დოლარი გაყიდოს, თუმცა აისახება თუ არა მორიგი ინტერვენცია სავალუტო ჯიხურებზე დადებითად უცნობია. 2020 წლის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ლარის რეკორდული გაუფასურების შესაჩერებლად რეზერვებიდან უკვე 380 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება.