ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირი დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიიყვენეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლე დახურულ კარს მიღმა მსჯელობს, რადგან ბრალდებულთაგან ორი არასრულწლოვანია. თუმცა, დღეს მედიისთვის ცნობილი გახდა ერთ-ერთი დაკავებულის, არჩილ გაგნიძის პოზიცია. მორაგბე პირველად, საქმის დეტალებზე “ინტერპრესნიუსთან” საუბრობს და აცხადებს, რომ ის ხიდის ქვეშ არ იმყოფებოდა, გიორგი შაქარაშვილისთვის კი გზა არ მოუჭრია. სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში არჩილ გაგნიძე საზოგადოებას მიმართავს და ჰპირდება, რომ ის ამ საქმეში მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. ამბობს იმასაც, რომ გამოძიებასთან თავიდანვე თანამშრომლობდა და არანაირი სახის ინფორმაცია არ დაუმალავს.
მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ გახმაურებული საქმის ე.წ. ოქროს მოწმეები მტკიცებულებების ნუსხიდან უნდა ამოიღონ, რადგან ისინი გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან. მოთხოვნა უსაფუძვლოა ბრალდების მხარისთვის.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში განზრახ მკვლელობის საქმეზე გამართული სხდომის პარალელურად, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმის განხილვა გაგრძელდა. ბრალდების მხარემ, სასამართლოში მოწმედ დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე წარმოადგინა. საქმეში ჩართული ექსპერტი განმარტავს, რომ ექსპერტიზის არცერთ დასკვნაში შეუსაბამობა არ არის.
არასრულწლოვნების საქმეზე მოწმის სახით სასამართლოში გამოიძახეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ვასილ მახარაძე, რომელიც შემთხვევის დღეს “ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომანქანას მართავდა. მახარაძე “ტოიოტა ქამრის” ერთადერთი მგზავრია, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელბოის ნაწილში ბრალი არ წაუყენეს. არსებული ინფორმაციით, მორაგბე სასამართლოში ჩვენების მიცემას არ აპირებს.
გიორგი შაქარაშვილი მცხეთის აგარაკზე გამართული წვეულების შემდეგ 19 ივნისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი 4 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს. ერთკვირიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, გახმაურებულ საქმეზე 17 პირი დააკავეს. მათ გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. თუმცა მოგვიანებით, 5 მათგანს ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ, რაც განზრახ, ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, სწორედ ეს პირები დაედევნენ გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხიდთან და ფეხბურთელს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა.