თემქაზე მდებარე ე.წ არაშენდას კორპუსში, სადაც გუშინ ლიფტი ჩაწყდა, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მივიდა. შალვა ნათელაშვილმა ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაზარალებულის ოჯახი და მეზობლები მოინახულა. როგორც მან განმარტა, შექმნილი ვითარება იმ მაღალჩინოსნების ბრალია, რომლებიც მსგავსი პრობლემების მოგვარების ნაცვლად, საკუთარ ჯიბეებზე ზრუნავენ. ნათელაშვილი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე კორპუსში არსებული პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.
ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაზარალებული ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დაშავებულის ოჯახის წევრების თქმით, ის მრავლობითი მოტეხილობებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამბობენ, რომ პირადად მათ ლიფტის შეკეთების მოთხოვნით არაერთხეელ მიმართეს გამგეობას, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა. დაზარალებულის ოჯახის წერვები სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ. ინციდენტი ე.წ. არაშენდას კორპუსში გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ლიფტმა, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის ბავშვიც იმყოფებოდა, ღია კარის მდგომარეობაში უკუსვლა დაიწყო. დაზიანებები ორმა მგზავრმა ლიფტიდან გადმოსვლის მცდელობის დროს მიიღო.