“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩენას ისევ ძველი სახეებით აპირებს. პარტიის პროპორციული სიის პირველ ნომრად და მომავალ პრემიერ-მინისტრად მმართველმა გუნდმა მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია დაასახელა. ის მთაწმინდის პარკში შეკრებილებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მომავალი პრემიერი სწორედ გიორგი გახარია გახდება. ოცნების გადაწყვეტილებით უცვლელი რჩება პარლამენტის თავმჯოდმარეც. პარტიის პროპორციული სიის მეორე ნომრად და მომავალ სპიკერად არჩილ თალაკვაძე წარადგინეს.
მმართველი გუნდის 20 კაციანი სიის მესამე ნომრად კი ირაკლი კობახიძემ საკუთარი თავი წარადგინა. “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა საზოგადოებას საკმაოდ ვრცლად გააცნო საკუთარი გამოცდილება და პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
“ქართული ოცნების” მოწინავე რიგებში ისევ მოხვდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. ის პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში მეოთხე ნომერი იქნება. ჩამონათვალში არიან სხვა ძველი სახეებიც, მათ შორის მოქმედი პარლამენტარები მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა და გიორგი კახიანი, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი და ბიზნესომბუცმენი მიხეილ დაუშვილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 20 კაციანი სიის დაკომპლექტების მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი იყო.
სპორტსმენების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი ოცნებამ პროპორციულ სიაში სპორტის სამყაროს წევრებიც შეიყვანა. მათ შორის მეცამეტე ნომრად კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მეთექვსმეტე ნომრად მორაგბე დავით კაჭარავა. ამბობენ, რომ საკუთარ რესურსებს და კონტაქტებს ქვეყნის წარმატებისთვის გამოიყენებენ.
ვიდრე “ქართული ოცნება” პროპორციულ სიას წარადგენდა მთაწმინდის პარკში შეკრებილებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ მიმართა. ბიძინა ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა “ქართული ოცნების” 8 წლიან მმართველობაზე და თქვა, რომ ქვეყნის შეუქცევადად განვითარება ყველა მიმართულებით შეძლეს. სიტყვით გამოსვლის დროს ივანიშვილს არც ოპონენტების კრიტიკა გამორჩენია. მან ოპოზიცია ხალხის მოტყუებაში და ნეგატივის დათესვაში დაადანაშაულა.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” 31 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და როგორც ამბობს, სიცრუესთან ბრძოლასაც მოიგებს.