“ქართული ოცნება” 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის ყველა კარტს ხსნის – უკვე ცნობილია იმ 20 ადამიანის ვინაობა, ვინც არჩევნებზე ივანიშვილის გუნდის პირველ რიგებში იდგება. “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი და პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ისევ გიორგი გახარია იქნება, რაც ოპოზიციის შეფასებით ქართველი ხალხის დაცინვაა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნების” მიერ საზოგადოებისთვის გუშინ შეთავაზებული პიროვნებები ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებენ, რადგან ისინი არა ცოდნითა და გამოცდილებით, არამედ ივანიშვილისადმი პირადი მორჩილების კრიტერიუმით შეირჩნენ.
“ქართული ოცნების” პარტიული ოცეულის გამარჯვების შანსებს სკეპტიკურად უყურებენ ოპოზიციური პარტიები. “ლეიბორისტულ პარტიაში” ამბობენ, რომ ივანიშვილმა მისი გუნდი ზონდერსპორტსმენებით დააკომპლექტდა, რადგან გუნდს უკვე დიდი ხანია საკადრო კრიზისი აქვს. “ლელო”-ში კი ფიქრობენ, რომ ის გუნდი, რომლის სათავეშიც 20 ივნისის სისიხლიანი მოვლენების შემოქმედი გიორგი გახარიაა, საზოგადოების ნდობას ვერ მოიპოვებს.
რა შანსი აქვს “ქართული ოცნების” გუნდს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და რატომ შეაჩერა პარტიამ არჩევანი საზოგადოებისთვის უცნობ სახეებზე – ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ კონკრეტული სახელებისა და გვარების განხილვა აზრსმოკლებულია, რადგან თითოეული მათგანი მხოლოდ ივანიშვილისადმი მორჩილების კრიტერიუმით შეირჩა. მისი აზრით, სიის პირველი ხუთეულის რეიტინგი ნეგატიურია, რაც პარტიის გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
არჩევნებამდე 50 დღით ადრე უკვე ცნობილია რა კონფიგურაციით იბრძოლებს მმართველი გუნდი, თუმცა იქნებიან თუ არა პარტიულ სიის სხვა ნაწილში გუნდის ძველი წევრები ეს ამ დრომდე ინტრიგად რჩება. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ გუშინ წარმოდგენილი ოცი კანდიდატი პარტიისთვის გამარჯვების მომტანი იქნება.