ვირთხები თბილისის ცენტრალურ უბანში, საირმის ქუჩის 21 ნომერში მას შემდეგ გაჩნდა რაც ეზოში საყოფაცხოვრებო ნარჩენები დაგროვდა. ადგილობრივების თქმით უკვე რამოდენიმე კვირაა უშედეგოდ რეკავენ მერიაში, გამგეობასა და შესაბამის სამსახურებში, თუმცა პასუხი მხოლოდ ერთია – ჩანიშნულია. უსიამოვნო სუნის, მწერებისა და მავნებლების გაჩენის გარდა, ნაგვის გორა მოსახლეობას პრობლემას უკვე გადაადგილებაშიც უქმნის.
საირმის ქუჩის გარდა, ეზოებში დაყრილ ან უკვე დიდი ხნის გაუტანელ ნაგავს ნახავთ ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩებზეც. ასევე გარეუბნებში – ნახალოვკასა და ვარკეთილშიც. ფოტოები სოციალურ ქსელშიც ვრცელდება.
ირკვევა, რომ ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაციის პროექტის ფარგლებში, ურნები ეზოებიდან გაიტანეს და უმეტეს შემთხვევაში საცხოვრებელი კორპუსებიდან 200-300 მერტის მოშორებით დადგეს. ამის გამო მოქალაქეები ნაგავს ისევ ძველ ადგილზე ყრიან. თბილისი მერიის ამ გადაწყვეტილების გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას ვერ მალავენ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წევრების შეფასებით, იმ ადამიანებს, რომლებიც ნაგვის გადასახადის კეთილსინდისიერი გადამხდელები არიან დამატებითი დისკომფორტი შეუქმენს. თვლიან, რომ თბილისის მერიამ მარტივი გამოსავალი იპოვა და ნაგვის ურნებისა და ნაგვის გადამზიდი ავტომობილების განახლება-შეცვლის ნაცვლად ეზოებიდან ნაგვის კონტეინერები გაიტანა.
თბილისელების ნაწილს პრობლემა თბილსერვის ჯგუფის საპილოტე პროექტმა შეუქმნა, რომელიც ნაგვის კონტეინერების შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე გატანას ითვალისწინებს. ჩვენს მიერ ჩაწერილი მოქალაქეების პრეტენზიები კომპანიისთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ კმაყოფილი მოქალაქეების რიცხვი დიდია და პროექტი წარმატებულია.
თბილსერვის ჯგუფმა შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერი გამოიტანა. თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში მოქალაქეები ამბობენ, ხმაურის, უსიამოვნო სუნისა და საცობის არიდების მიზნით დაწყებულმა პროექმა, მათ პრობლემა ვერ მოუგვარა.