კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო ქვეყანაში ახალი რეგულაციები წესდება (09.09.2020)

კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების გამო ქვეყანაში  ახალი რეგულაციები წესდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან იუბილეების, ქორწილების და ქელეხების გამართვა აიკრძალება. შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, ხვალიდან კი აკრძალვა ღია სივრცეებსაც შეეხება. აიკრძალება 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით, კულტურული და სპორტული ღონისძიებებიც. მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი პირბადის ტარების წესზე. დამატებითი რეგულაციების დაწესება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდაზეა დამოკიდებული.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო პირველ ნოემბრამდე გადაიდო კინოთეატრების, თეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნაც. 15 სექტემბერს სკოლებში საზეიმო ღონისძიებებიც უქმდება. თუმცა სწავლის დაწყების გადადების საფრთხე დღეის მდგომარეობით არ არის.

კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი  კი ქვეყანაში კვლავ რეკორდულად იმატებს. გასულ დღე-ღამეში ინფექცია 44 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო კვლავ დაუდგენელია, 7 “დონასთან” დაკავშირებული შემთხვევაა, 12  ბათუმთან, 12 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 2 – ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიით, ხოლო 5 იმპორტირებულია. კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

კვლავ წითელ ზონად რჩება აჭარა, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უცნობია ათის ინფიცირების წყარო. თუმცა ეპიდემიოლოგები რეგიონის ჩაკეტვის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავენ. კორონავირუსით დაინფიცირდა ბათუმში სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ორ თანამშრომელი.  7-ით გაიზარდა  ე.წ. ხოფის ბაზრობის კლასტერიც და ბაზრობა ისევ დაკეტილია. სამი პირი დაინფიცირდა შემოსავლების სამსახურშიც.  COVID-19 გამოუვლინდა 5 პირს ბათუმის სამშობიარო სახლში, რის გამოც დაწესებულება დაიხურა და ყველა თანამშრომელს ტესტირება უტარდება.

კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა წალენჯიხაში. ისინი ოჯახის წევრები არიან და ე.წ თბილისის ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან. COVID-19 დაუდგინდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხეთში აჭარიდან ჩასულ ოჯახის ერთ-ერთ წევრს. კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი დაემატა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოსაც, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

გასულ დღე-ღამეში ვირუსი ოთხმა პაციენტმა დაამარცხა და COVID-19-სგან განკურნებულთა რაოდენობა 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 5882 მოქალაქე რჩება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ – 390 პირი. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.