ბაჩალიაშვილის საქმეზე გასაჯაროებულ სატელიტით გადაღებული ფოტოებს პროკურატურა ეჭვით უყურებს (09.09.2020)

იდგა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში. მას შემდეგ რაც ადვოკატმა სატელიტის საშუალებით გადაღებული  ფოტოები გაასაჯაროვა და თქვა, რომ  გარდაცვლილის  მანქანა შემთხვევის ადგილზე 19 და 20 ივლისს არ იმყოფებოდა – საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა.  ინტერნეტ სივრცეში აღნიშნული სატელიტის მიერ გადაღებული ანალოგიური ფოტო მოიპოვება, რომელიც არა 2020 წლის ივლისში, არამედ 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული. სპეციალისტები წერენ, რომ გასაჯაროებული ფოტოები დამონტაჟებულია და რეალობას არ ასახავს. თავად მიხეილ რამიშვილის განმარტებით, კადრებით დასტურდება, რომ თეთრიწყაროს ტყეში, ბაჩალიაშვილის მანქანა მიყვანილია.

გახმაურებულ საქმეზე გასაჯაროებული ფოტომასალის ნამდვილობას   პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს.  საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, რომ მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა დაესახელებინა სატელიტური თანამგზავრი და ფოტოების მფლობელი კომპანია. არის თუ არა  ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი ამის დასადგენად,  პროკურატურა  ფოტოებს ექსპერტიზას  ჩაუტარებს. საგამოძიებო უწყების დღევანდელ განცხადებას ბაჩალიაშვილების უფლებადამცველი  ემოციურად შეხვდა.

წყარო, რომლის დასახელებასაც მიხეილ რამიშვილი დღეს საგამოძიებო უწყებისთვის აპირებდა, მედიას საქმეში ჩართულმა კიდევ ერთმა ადვოკატმა დაუსახელა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ინფორმაციით, გასაჯაროებული ფოტოები ევროკავშირის ერთ-ერთი სასწავლო პროექტის ფარგლებში, სატელიტიდან გადაიღეს.  ეკა ქობესაშვილი ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტში ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფო იყო ჩართული და ფოტოების მოპოვება სწორედ მათი დახმარებით მოხერხდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ფიქრობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებები საქმის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს. იურისტები ამბობენ, რომ გახმაურებულ საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა, რომელსაც გამოძიებამ დროული პასუხი უნდა გასცეს.

კვლავ უცვლელი რჩება გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის მოთხოვნა.  თამარ ბაჩალიაშვილის დედა ამბობს, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.  თეონა თამაზაშვილის თქმით, პროკურატურამ უნდა ახსნას, რატომ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლი მანქანაში და წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს დახმარების თხოვნით ნამდვილად მიმართეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან,  16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით,  თამარ  ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები  ლეტალურ მაჩვენებელს აღემატება. ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები აღმოჩენილია გარდაცვლილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში.  საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვაც, რომელიც   ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე – 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს  სხვადასხვა აფთიაქში.