მოწმეთა შეცვლილი ჩვენებები და უნდობლობა საგამოძიებო უწყების მიმართ. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გახმაურებული საქმის მოწმეთა ჩვენებებს ეჭვქვეშ აყენებს. მათ კითხვის ნიშნებს უჩენს ახალგაზრდა პროგრამისტის მეგობრის დეა კაპანაძის და ბაჩალიაშვილის ბებიის ნაამბობი. გარდაცვლილის დედა საქმის მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას და საპროტესტო აქციებს აანონსებს.
გახმაურებულ საქმეში ერთვება “ადამიანის უფლებათა ცენტრი” არასამთავრობო ორგანიზაცია დაზარალებულის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ოჯახის ადვოკატთან ერთად დაიცავს. მიაჩნიათ, რომ საქმეში არსებულ კითხვის ნიშნებს გამოძიებამ პასუხი ამ დრომდე ვერ გასცა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, 16 წლის მწყემსმა მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები ლეტალურ მაჩვენებელს აღემატება. ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები აღმოჩენილია გარდაცვლილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში. საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვაც, რომელიც ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს სხვადასხვა აფთიაქში.