საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ით გაიზარდა (07.09.2020)

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ით გაიზარდა და 1684 შეადგინა. ბოლო 24 საათში COVID-19 კიდევ ხუთმა პაციენტმა დაამარცხა და საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1315-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 342 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის რუსუდან შავიშვილის თქმით, ინფიცირებულების უმრავლესობა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია. უცნობია მხოლოდ 2 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო, რისთვისაც ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდნარეობს. შავიშვილის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 88 პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორონავირუსის დიაგნოზით ექვსი პაციენტი მოათავსეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში.  მათგან ორი, კლინიკაში მყოფი ტრაილერის მძღოლის მეუღლე და არასწრულწლოვანი შვილი არიან. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. ოთხი პაციენტი კი აჭარის კლასტერიდანაა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, მათგან ორი არასრულწლოვანია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 15 პაციენტი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 5882 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტი რჩება. საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.