კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა და ახალი კლასტერი – COVID-19 საქართველოს ბანკის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. ფილიალი აჭარის რეგიონში მდებარეობს და ინფიცირებულები ბათუმის საკონდიტრო “დონა”-ში იმყოფებოდნენ. აჭარაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის კიდევ 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ ეტაპზე ინფიცირებულია 58 პირი. სამით გაიზარდა COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი “ავერსის” რუსთავის ფილიალშიც, თუმცა ექიმები სამედიცინო დაწესებულების დახურვას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა გურიამ. რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 ჩოხატაურში, 21 წლის ქალს დაუდასტურდა. ის “დონას” კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება. კორონავირუსის 1 შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისშიც, ინფექცია სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 11 კოვიდ ინფიცირებული მკურნალობს. რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 28 ახალი ფაქტი დაფიქსირდა. ოთხით გაიზარდა იმ პაციენტთა რაოდენობაც, რომელთა ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
კორონავირუსი არ დაუდასტურდა ჩაქვში სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისში” გამოკვლეულ არცერთ პირს. სასტუმროდან ხუთი პირი კარანტინში გადაიყვანეს, დანარჩენ სტუმრებს კი ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცეს. სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სამედიცინო კონფერენციაზე მყოფ ერთ-ერთი მედიკოსს COVID-19 დაუდასტურდა. ექიმებს დღეს ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. ეკატერინე ტიკარაძე კოლეგებს სთხოვს, კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და ექიმებმა სხვებს წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ.
გასულ დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც, საერთო ჯამში კი ინფექცია 1294-მა პაციენტმა დაამარცხა. კოვიდ ცენტრებში 275 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 16-ის მდგომარეობა მძიმეა.