თამარ ბაჩალიაშვილის სხეულში აღმოჩენილი მედიკამენტები ლეტალურ მაჩვენებელს აღემატება. ტკივილგამაყუჩებლებისა და საძილე პრეპარატების შემცვლელი ნივთიერებები აღმოჩენილია გარდაცვლილის კუჭში, ნაღვლის ბუშტში, ღვიძლში, ნაწლავსა და თირკმელში. ასეთია ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. საგამოძიებო უწყება ვიდეოკამერების ჩანაწერებს ასაჯაროვებს, რომლებიც მათი მტკიცებით, ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე -17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 აბ მედიკამენტს სხვადასხვა აფთიაქებში.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბიოლოგიურმა და გენეტიკური ექსპერტიზამ, დაადასტურა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილია. მიზეზის დადგენის მიზნით კი დანიშნულია დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
გახმაურებულ საქმეზე გამოძიებას უნდობლობას თავიდანვე უცხადებდა გარდაცვლილის ოჯახი. ბაჩალიაშვილები ითხოვდნენ, რომ საქმეში ამერიკის ფედერალური ბიურო ჩართულიყო. თუმცა, დღეს საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ ქართულ მხარეს გააჩნია.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, 16 წლის მწყემსმა მისსავე კუთვნილ ავტომობილში მწოლიარე მდგომარეობაში, მანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.